ჯანმო

ჯანმო: Covid-19 წარმოშობის ძიებისას ყველა ჰიპოთეზა კვლავ ღიაა

Reuters

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ Covid-19 წარმოშობის ძიებისას ყველა ჰიპოთეზა კვლავ ღიაა, განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებარაისუსმა .

"რამდენიმე კითხვა წამოიჭრა, უგულებელყოფილია თუ არა ზოგიერთი ჰიპოთეზა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროა შემდგომი ანალიზი და შესწავლა... ზოგიერთი სამუშაო შეიძლება ამ მისიის ფარგლებს გარეთ იყოს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ვერ იპოვიდა ყველა პასუხს, მაგრამ მან დაამატა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გვაახლოებს Covid-19 ვირუსის წარმოშობის გაგებასთან". - თქვა მან.

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ვან ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ ღამურა რჩება, მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს იმ მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უარი განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები ადრეულ Covid-19-ის შემთხვევებზე - ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმაციას ჯანმო-ს მკვლევრებზე დაყრდნობით ავრცელებს

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კითხვაზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 

შეგახსენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთიინფორმაციას ახალი ვირუსის შესახებ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

 

კომენტარები