ჯანმო

რამდენად წარმატებულია ჯანმოს სტრატეგია მოწევის პრევალენტობის შემცირების თვალსაზრისით?

ჯანმო

რამდენად წარმატებულია ჯანმოს სტრატეგია მოწევის პრევალენტობის შემცირების თვალსაზრისით?

მოწევა გლობალური ჯანდაცვისთვის სერიოზული გამოწვევაა - 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ყოველწლიურად თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი კვდება. სიკვდილიანობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სიგარეტის მწეველის ჯანმრთელობას მრავალმხრივ აზიანებს და არაგადამდები დაავადებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ამრიგად, თამბაქოს მოხმარების შემცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას (WHO FCTC) ლეგიტიმური მიზანი აქვს, თუმცა, ისმის კითხვა, რამდენად ეფექტიანია ის სისწრაფისა და შედეგების თვალსაზრისით? 

ინტუიციურია, რომ თამბაქოს ზიანის შესამცირებლად გონივრული იქნება ნიკოტინის ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო პროდუქტების წახალისება. მართალია, თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი ფორმით მავნებელია, თუმცა  არსებობს რეგულატორების, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყებისა და აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) სამეცნიერო დასკვნები თამბაქოს ზიანის შესამცირებლად ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების პოტენციალის შესახებ. 

თამბაქოზე დამოკიდებულების, მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ტვირთისა და სიკვდილიანობის საკითხს ლაკონურად ასახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისა და თამბაქოს ზიანის შემცირების მხარდამჭერის, მაიკლ რასელის ცნობილი ფრაზა: "ადამიანები ეწევიან ნიკოტინისთვის და კვდებიან კუპრის გამო". 

თამბაქოს კვამლში 7 000-ზე მეტი ნივთიერებაა, რომელთაგან, სულ მცირე, 93 არის ჯანმრთელობისთვის საზიანო და პოტენციურად საზიანო, აქედან სულ მცირე 70 კი - სიმსივნესთან არის დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს კვამლში ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებების უმრავლესობა წვის დროს გამოიყოფა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყება 2014 წლიდან ელექტრონულ სიგარეტებზე მტკიცებულებების მიმოხილვას ატარებს. 2022 წელს მან მოამზადა მე-8 მიმოხილვა, ერთ-ერთი ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს - ძირითადი ყურადღება ეთმობა სამეცნიერო მტკიცებულებების სისტემურ მიმოხილვას ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტების ჯანმრთელობის რისკების შესახებ. ანგარიშში მითითებულია, რომ სისტემური მიმოხილვის დროს გამოვლენილი მეთოდოლოგიური შეზღუდვების მიუხედავად, შედარებით რისკთან მიმართებით მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტი წვად სიგარეტთან შედარებით სიმსივნის, კარდიოვასკულარული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამომწვევი ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებების მნიშვნელოვნად დაბალ ზემოქმედებას უკავშირდება. 

როგორც დასკვნაშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ "ვეიფინგი" მოწევის რისკების მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავს, ეს არ ნიშნავს, რომ "ვეიფინგი" სრულად ურისკოა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ეწევიან.

მოწევის შეწყვეტის გამოკითხვებიდან მიღებული მტკიცებულებები და Cochrane-ის მოწევის შეწყვეტის მიმოხილვა აჩვენებს, რომ "ვეიფინგი" სიგარეტის მოწევის შესაწყვეტად ეფექტურია. ეს მიგნებები, იმ დასკვნებთან ერთად, რომ "ვეიფინგი" მოწევისგან გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების მცირე ნაწილს უკავშირდება, საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ მწეველების "ვეიფინგზე" გადართვა შეიძლება, მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირების შესაძლებლობა იყოს.

გარდა ამისა, მოწევის შეწყვეტის გამოკითხვებიდან მიღებული მტკიცებულებების მიმოხილვაში ხაზგასმულია მონაცემები ინგლისში “ვეიფინგის” შესახებ ინფორმირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ზრდასრული მწევლების მხოლოდ 34.1%-მა იცოდა, რომ “ვეიფინგი” ნაკლებად მავნებელია მოწევასთან შედარებით, ხოლო მწეველების დანარჩენ ნაწილს (66%) არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ან არ იცოდა მოწევასთან შედარებით “ვეიფინგის” რისკებზე. 

მიუხედავად ამისა, ჯანმო-ს მიდგომა მავნესა და ნაკლებ მავნეს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ის ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების მოხმარებას მთლიანად ემიჯნება და თამბაქოს ზიანის შემცირებაში არაწვადი პროდუქტების ჩართვა არ სურს. 

ამჟამად ჯანმოს პოლიტიკა უფრო მეტად აკრძალვასა და შეზღუდვაზე კონცენტრირდება.

მართალია, ჯანმოს ჩარჩო კონვენცია ნომინალურად აღიარებს ზიანის შემცირების სტრატეგიის ლეგიტიმურობას, თუმცა, პრაქტიკაში ჯანმო-ს საკითხისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება აქვს არჩეული და აცხადებს, რომ ყველა გავრცელებული კომერციული ნიკოტინის შემცველი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და განურჩეველია თამბაქოს ტრადიციული ნაწარმისგან. 

მაგალითად, ჯანმო ეწინააღმდეგება ნიკოტინის ბალიშებს - ჯანმო-ს საკვლევმა ჯგუფმა თამბაქოს პროდუქციის რეგულაციის თაობაზე, TobReg-მა 2023 წელს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკოტინის ბალიშები ძირითადად ნიკოტინის შემცველობის გამო არის გაკრიტიკებული. მიუხედავად ჩანაწერისა, რომ  ნიკოტინის ბალიშები “შეიცავენ შედარებით მცირე ოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებს და ამდენად, მომხმარებელზე მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების ზეგავლენა შემცირებულია ტრადიციულ თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით”, TobReg სახელმწიფოებს მაინც ურჩევს, რომ ნიკოტინის ბალიშებზეც იგივე პოლიტიკა გაატარონ, რაც წვადი თამბაქოს პროდუქტების მიმართ არის გათვალისწინებული. 

ჯანმო უწყვეტად აკრიტიკებს ელექტრონულ სიგარეტებსაც, ჩარჩო კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ “სადაც [ელექტრონული სიგარეტები] არ არის აკრძალული, მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს” და აქებს ქვეყნებს, მაგალითად ინდოეთს, სადაც ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია. ამასთან, ჯანმოს სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სიგარეტის მოწევიდან მხოლოდ ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა დაკავშირებულია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებისა და კანცეროგენის ზემოქმედების შემცირებასთან, რომლებიც, თავის მხრივ, მოწევით გამოწვეული დაავადებების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებენ”. 

გარდა ამისა, ჩარჩო კონვენცია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებსა და წვად თამბაქოს ერთ კატეგორიაში მოიაზრებს და მათდამი ერთნაირი საკანონმდებლო და ფისკალური ჩარჩოს შექმნისკენ მოუწოდებს. 

ჯანმოს კრიტიკა ნიკოტინის ახალი პროდუქტების მიმართ სკეპტიციზმს შემდეგნაირად ასაბუთებს, რომ სიგარეტის ალტერნატიული ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტები ჯანმრთელობისთვის შეიცავს გარკვეულ რისკებს და არ არის სრულიად უსაფრთხო. ამასთან, გამოთქვამენ შიშებს, რომ ამ პროდუქტებმა შესაძლოა ახალგაზრდები და არამწეველები მიიზიდოს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადმოსახედიდან, ზიანის შემცირების პრინციპი ეფუძნება არა “უსაფრთხო” პროდუქტს, არამედ “მნიშვნელოვნად ნაკლებად მავნე ალტერნატივას“, რაც ზრდასრული მწეველებისთვის კრიტიკულ ინფორმაციას წარმოადგენს. რამდენიმე მარეგულირებელი და სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაცია მეცნიერულად აფასებს თამბაქოს ახალ  პროდუქტებს, ელ-სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს, პერორალურ თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტს: ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის სააგენტო (FDA), გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყება, გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი, ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტი. გარდა ამისა, ანგარიშები გამოუქვეყნებიათ დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციებსაც: Cochrane-ის მეტაანალიზი ელ-სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოზე, დიდი ბრიტანეთის ტოქსიკოლოგიური კომიტეტის (UK Committee of Toxicity (COT) შეფასება ელ-სიგარეტების და გასახურებელ თამბაქოზე.

მაგალითად, აშშ-ს FDA თამბაქოს კონტროლის სტრატეგიებისთვის შედარებითი რისკის გააზრებისა და სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას აღიარებს. FDA-ს მიზანია, საზოგადოებას ზუსტი და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს პროდუქტების როგორც აბსოლუტური, ასევე წვად სიგარეტთან მიმართებით შედარებითი რისკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.       

ამასთან, არსებობს ბუნებრივი სკეპტიციზმი თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რომელიც სიგარეტების გაყიდვასთან ერთად უკვამლო პროდუქტებსაც აწარმოებს. 

თუმცა, ეს ლოგიკა ტოტალური ვერ იქნება: თამბაქოს ინდუსტრიისთვის ასევე ლოგიკურია, რომ შემცირებული რისკის  პროდუქტების გაყიდვა დაიწყოს, რადგან საერთაშორისო კონსენსუსი სიგარეტის წინააღმდეგ არის მიმართული. 

გარდა ამისა, ნიკოტინის შემცველ სხვა უკვამლო პროდუქტს, სნუსს მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელსაც მე-16 საუკუნიდან ითვლის. შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ სნუსი სიგარეტთან შედარებით მოწევასთან ასოცირებულ ჯანმრთელობის რისკებისა და სიკვდილიანობის შემცირებას უკავშირდება. 

შვედეთში სიგარეტები მეტწილად სნუსმა ჩაანაცვლა - 60 წლის წინათ შვედი მამაკაცების 49% სიგარეტს მოიხმარდა. ეს მაჩვენებელი დღესდღეობით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ზოგადად, შვედეთში  ნიკოტინის მოხმარების მაჩვენებელი ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა (24%-25%-მდე მერყეობს). თუმცა, განსხვავება ნიკოტინის მიღების გზაშია, კერძოდ, შვედეთში სიგარეტს მხოლოდ 5.4%-მდე ეწევა, ხოლო დანარჩენი ნიკოტინს უკვამლო ალტერნატივების გზით მოიხმარს. 

დაავადებების გლობალური ტვირთის (GBD) კვლევის მონაცემების მიხედვით, შვედეთში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილიანობა ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 39.6%-ით დაბალია. ჯანმოს მონაცემებით, შვედ მამაკაცებში ყველა სახის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალია. ამასთან, ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირში ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვის კიბოთი გამოწვეული მამაკაცთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი ნიშნული შვედეთში აღირიცხა. ამ ტიპის კიბოთი მამაკაცების სიკვდილიანობის საშუალო წილი ევროპის მასშტაბით საშუალოდ 69.9% იყო, ხოლო შვედეთის შემთხვევაში - 33.1%.

ზოგადად, ჯანმოს მიდგომა თამბაქოს კონტროლისადმი ყველაზე ცხადად გამოხატულია MPOWER პაკეტში - ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკების კომპლექტში, რომელიც FCTC-ს ეფუძნება.

რაში მდგომარეობს ჯანმოს მიდგომა? MPOWER მოიაზრებს:

·         თამბაქოს გამოყენებისა და პრევენციის პოლიტიკის ზედამხედველობას

·         მოსახლეობის დაცვას თამბაქოს კვამლისგან

·         თამბაქოსთვის თავის დანებებაში დახმარების შეთავაზებას

·         თამბაქოს გამოყენების საფრთხის შესახებ გაფრთხილებას

·         თამბაქოს რეკლამირების აკრძალვას

·         თამბაქოზე გადასახადების ზრდას

საყურადღებოა, რომ ამ სიაში ვერ ვხვდებით ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების მხარდაჭერას.

თავის მხრივ,  ჯანმოს მიდგომას, რასაკვირველია, გარკვეული შედეგი მართლაც აქვს - ორგანიზაციის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2007-2021 წლებში მსოფლიოში მწეველთა საშუალო წილი 22.8%-იდან 17.0%-მდე შემცირდა. თუმცა, არის კი ეს საკმარისი? არის თუ არა ჯანმოს მეთოდოლოგია საუკეთესო საუკეთესოთა შორის?

რიგი სამეცნიერო კვლევები FCTC-ის ეფექტიანობას კრიტიკულად აფასებს. მაგალითად, სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ:

"თამბაქოს კონტროლი მსოფლიოს უმეტესობისთვის არ მუშაობს. მსოფლიოში ხუთიდან ოთხი მწეველი დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნიდან არის. ამ ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული 8 მილიონი სიკვდილის უმრავლესობა ხდება, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მცირდება, თუმცა ნელი ტემპით. გლობალურად თამბაქოს მომხმარებლების რიცხვი თითქმის არ შეცვლილა.  ახლანდელი მონაცემებით ქვეყნების მხოლოდ 30% მიაღწევს გაეროს მიერ განსაზღვრულ სამიზნე ცვლილებას -  ზრდასრული მოწევის პრევალენტობის 30%-იან შემცირებას 2030 წლისთვის. ამასთან, ქვეყნების უმრავლესობა არ დგას არაგადამდები დაავადებების შემთხვევაში [გაეროს] მდგრადი განვითარების 3.4%-იანი მიზნის მიღწევის გზაზე, მის მისაღწევად თამბაქოს [მოხმარებისთვის] გაცილებით უფრო ამბიციური სამიზნე იქნება საჭირო".

მსგავს დასკვნამდე მივიდა სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ, BMJ-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც FCTC-ის ეფექტიანობას ეხება.

"2003 წელს FCTC-ის შემოღების შემდეგ გლობალურად სიგარეტის მოხმარების შემცირებაში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შემჩნეულა, არც ITS-ისა და არც მოვლენათა მოდელირების გამოყენებით. [...]

კვლევამ ვერ იპოვა რამე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ FCTC-ის ხელშეკრულების მექანიზმმა სიგარეტის მოხმარების შემცირებაში გლობალური პროგრესი დააჩქარა. ეს ნულოვანი შედეგი, რეგიონულ სხვაობებთან ერთად, მიუთითებს, რომ გლობალური თამბაქოს კონტროლის საზოგადოება თვითკმაყოფილი არ უნდა იყოს". - წერია კვლევაში.

ჯანმოს დრაკონული დამოკიდებულება ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების მიმართ საყოველთაო არ არის - მაგალითად, აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გასახურებელი თამბაქოს კონკრეტული პროდუქტისთვის შემცირებული ზემოქმედებით მარკეტინგის ავტორიზაცია დაუშვა და აღნიშნა, რომ "მოსახლეობის დონეზე ზრდასრული მწეველების სარგებელი აღემატება ახალგაზრდების წინაშე არსებულ რისკებს". 

"თამბაქოს ყველა პროდუქტი საზიანოა, თუმცა თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტი მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის განსხვავებულ რისკს შეიცავს, ყველაზე საზიანო კი წვადი თამბაქოა. არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო პროდუქტი, ამიტომ ვინც თამბაქოს პროდუქტებს ამჟამად არ მოიხმარს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, ეს არ უნდა დაიწყონ". - წერია FDA-ს პრესრელიზში.

გასახურებელი თამბაქოს კონკრეტულ პროდუქტზე FDA-მ სამეცნიერო მასალების მიმოხილვის საფუძველზე შედარებითი რისკები შეაფასა და დაასკვნა, რომ თამბაქოს წვის თამბაქოს გახურების პროცესით ჩანაცვლების შედეგად  მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების წარმოქმნა მნიშვნელოვნად მცირდება. 

"ეს [თამბაქოს გახურება მისი წვის ნაცვლად] მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებელი და პოტენციურად მავნებელი ნივთიერებების გამოყოფას. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ წვადი სიგარეტიდან გასახურებელ თამბაქოზე სრულად გადართვის შემთხვევაში მცირდება ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებების ზემოქმედება". - წერია FDA-ს დასკვნაში. 

გარდა ამისა, FDA-მ გამოსცა ნიკოტინის ბალიშების კონკრეტული პროდუქტის მარკეტინგის ავტორიზაციაც. (სააგენტოს დასკვნა ეფუძნება კონკრეტული პროდუქტის განხილვას) როგორც სააგენტოს დასკვნაში წერია, ტოქსიკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ამ ნიკოტინის ბალიშებში სიგარეტთან და უკვამლო პროდუქტებთან (კერძოდ, სნუსთან) შედარებით მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებები მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

"ტოქსიკოლოგიური მიმოხილვა ასკვნის, რომ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც მთლიანად გადავლენ აღნიშნულ პროდუქტზე, წვად სიგარეტთან შედარებით მოსალოდნელია, რომ ჰქონდეთ სიმსივნის განვითარების, ასევე რესპირატორული და კარდიოვასკულარული ტოქსიკურობის უფრო დაბალი რისკი.  ტოქსიკოლოგიურმა შემოწმებამ ასევე დასკვნა, რომ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მომხმარებელი ზრდასრულები, რომლებიც ახალ პროდუქტებს მოიხმარენ, კიბოს განვითარების რისკს სავარაუდოდ შეამცირებენ. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც სიგარეტის ახლანდელი მწეველები ან სხვა თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მომხმარებლები მათი ახლანდელი პროდუქტების გამოყენების გაგრძელების ნაცვლად ამ პროდუქტებზე (რედ. - ნიკოტინის ბალიშებზე) სრულად გადაერთვებიან, მოველით, რომ მათი ჯანმრთელობისთვის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება". - წერია FDA-ის დასკვნაში. 

2007 წელს გაერთიანებული სამეფოს "ექიმების სამეფო კოლეჯის" (RCP) მნიშვნელოვანი ანგარიში ასევე საუბრობს საზოგადოებაში ნიკოტინის პროდუქტების რეგულაციასა და მოხმარებაში რადიკალური რეფორმების გატარების საჭიროებაზე. RCP ისტორიულად თამბაქოს კონტროლის სფეროში წამყვანი ხმა არის, მან მოწევის ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგებზე ანგარიში, "მოწევა და ჯანმრთელობა", აშშ-ს გენერალური ქირურგიის გარდამტეხ ანგარიშამდე ორი წლით ადრე, 1962 წელს გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობას სიგარეტის მოხმარების შესამცირებლად ზომების მიღებისკენ, ხოლო ექიმებს - მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ გაფრთხილებისა და მათ მოწევისთვის თავის დანებებაში დახმარებისკენ მოუწოდებდა.

მოგვიანებით, 2016 წელს RCP-მ გამოაქვეყნა ანგარიში, "ნიკოტინი კვამლის გარეშე: თამბაქოს ზიანის შემცირება", რომელიც ყურადღებას ელექტრონულ სიგარეტებზე ამახვილებდა. მასში ხელახლა არის გამოხატული პოზიცია, რომ მოწევის შესამცირებლად ახალი პროდუქტები უნდა გამოიყენებოდეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ცნება მხოლოდ თეორიული არ არის, რადგან როგორც გამოცდილება აჩვენებს, შვედეთში მოწევის ალტერნატივად ნიკოტინის ბალიშების, სნუსის, არსებობამ მოწევის პრევალენტობის შემცირებაში წვლილი შეიტანა.

RCP-ს 2024 წლის ანგარიშშიც ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრონული სიგარეტები თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ეფექტიან გზას წარმოადგენს და თამბაქოს მომხმარებლებს სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაში ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიაზე მეტად ეხმარება. 

The Lancet-ში გამოქვეყნებულ წერილში, "ჯანმომ უნდა მიიღოს თამბაქოს ზიანის შემცირება, რათა სიცოცხლეები იხსნას",  მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი, დერეკ იახი აღნიშნავს, რომ "როგორც ადამიანი, რომელიც FCTC-ის ჩასახვიდან შემოღებამდე ოთახში იმყოფებოდა, გთავაზობთ ცოდნას, რომელიც ხაზს უსვამს, თუ როგორ არ ადაპტირდა კონვენცია სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებებზე და მომწამვლელი თამბაქოს პროდუქტების მომხმარებლებს უფრო მოკლე, ნაკლებად ჯანსაღი ცხოვრება განუსაზღვრა". 

"FCTC-ის ქმედებების გაგრძელება 400 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს მოითხოვს, რაც იციან, რომ მიუღწეველია. ნაცვლად ამისა, უნდა ვიკითხოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია სხვაგვარად.

თამბაქოს ზიანის შემცირება FCTC-ით განსაზღვრული განმარტებისთვის განუყოფელია, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს აკრძალვებსა და რეგულაციებზე, რომლებიც მილიონობით ადამიანს ნიკოტინის შემცველ  ალტერნატიულ პროდუქტებზე, მაგალითად ნიკოტინის მოხმარების ელექტრონულ მოწყობილობებსა და ნიკოტინის ბალიშებზე ინფორმაციის წვდომაში ხელს უშლის და შესაბამისად, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავს. ზოგიერთი ამ ალტერნატივის მარკეტინგის ავტორიზაცია აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა და სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერა აქვთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 120 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ასეთ ალტერნატივებს და ისინი, როგორც ჩანს, ნიკოტინის ჩანაცვლებით თერაპიასთან შედარებით სიგარეტზე თავის დანებების მცდელობებს აუმჯობესებს". - წერს იახი. 

ამ ყველაფრის ფონზე, ჯანმოს ახლანდელი კატეგორიული წინააღმდეგობა ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებისადმი გაუგებარია.

ჯანმოს წარსულში გამოქვეყნებულ დოკუმენტებშიც შევხვდებით ნაწყვეტებს, რომლებშიც ზიანის შემცირების სტრატეგია დადებითად არის შეფასებული.

1997 წელს გაეროს მიერ მოწვეულმა წამყვანმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ "ახლანდელ მწეველებსა და მომავალ თაობებში თამბაქოს მიერ გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაავადებების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ტრიადული მიდგომა 1) თამბაქოს გამოყენების შეჩერებისა, 2) მოწევის შეწყვეტისა და 3) თამბაქოს ტოქსინების მავნე ზემოქმედების შემცირებისა იმ ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თამბაქოს სრულად შეეშვან".

2000 წლის ჯანმოს მონოგრაფიაში, "თამბაქოს პროდუქტების რეგულაციის შესახებ ცოდნის წინ წაწევაზე“, აღნიშნულია, რომ "მკაცრ პრევენციულ ზომებს გლობალური სიკვდილიანობის ტენდენციებზე მხოლოდ ზღვრული გავლენა ექნება, თუმცა, ცხადია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლანდელ მწეველებში მნიშვნელოვნად შემცირდება, თუკი წარმატებას მიაღწევს ორი ზომა: თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ეფექტიანი საშუალებების ფართო გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტის მაჩვენებლის დრამატული ზრდა მოხერხდება, და თამბაქოს პროდუქტების მავნებელი შემადგენელი ნივთიერებების მავნე ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება". მონოგრაფიაში ასევე წერია, რომ "თამბაქოს კონტროლის მხრივ პროგრესის ტემპის დრამატული ზრდის უზრუნველსაყოფად ინოვაციური აზროვნება არის საჭირო".

2003 წელს თამბაქოს პროდუქტების რეგულაციის საკითხზე ჯანმოს საკონსულტაციო საბჭომ  განაცხადა, რომ "მისაღები და მნიშვნელოვანი ლოგიკური საფუძველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ახალი ან შეცვლილი თამბაქოს პროდუქტების დამზადებისთვის არის არსებული თამბაქოს პროდუქტების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირების პოტენციალი. [...] მხოლოდ მოსახლეობას, რომელიც ნაკლებად საზიანო პროდუქტზე გადადის, შეუძლია განიცადოს ზიანის შემცირება".

შემდგომ, 2003 წელს გაფორმებული FCTC-ს ხელშეკრულება თამბაქოს კონტროლს განსაზღვრავს, როგორც "მიწოდების, მოთხოვნისა და ზიანის შემცირების სტრატეგიების დიაპაზონს, რომლებიც მოსახლეობის მიერ თამბაქოს პროდუქტების მოხმარებისა და მასზე თამბაქოს კვამლის ზემოქმედების აღმოფხვრით ან შემცირებით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად".

უფრო თანამედროვე პერიოდს რომ შევეხოთ, ჯანმოს TobReg-მა,  თამბაქოს პროდუქტების რეგულაციის საკითხზე ჯანმოს სათათბირო საბჭოს გამგრძელებელმა, ასევე აღიარა ახალ პროდუქტებში ტოქსიკურობის შემცირების პოტენციალი და განაცხადა, რომ "ახალი თამბაქოს პროდუქტების დამზადება, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურია ან ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას, შესაძლოა თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და დაავადებების შემცირებისადმი ყოვლისმომცველი მიდგომის კომპონენტი იყოს, კერძოდ თამბაქოს იმ მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებსაც თავის დანებება არ სურთ ან თამბაქოზე მათი დამოკიდებულების აღმოფხვრა არ შეუძლიათ".

MPOWER-ის ზომები გაეროს მიერ საუკეთესო პრაქტიკად მიჩნეულ უმაღლეს დონეზე ოთხმა ქვეყანამ შემოიღო: თურქეთმა, მავრიტანიამ, ბრაზილიამ და ნიდერლანდებმა. ეს არის ქვეყნები, სადაც ჯანმო შემზღუდავი ღონისძიებების მიღებით ამაყობს.

"ნიდერლანდებმა მნიშვნელოვან ნიშანსვეტს მიაღწია იმით, რომ მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, თურქეთის, ბრაზილიისა და მავრიტანიის შემდეგ, რომელმაც შემოიღო 6 რენტაბელური და მაღალი ეფექტიანობის ზომა, ცნობილი როგორც MPOWER, რომელიც ქვეყნებს თამბაქოზე მოთხოვნის შემცირებაში ეხმარება". - წერდა გაერო 2023 წელს.

შეგვიძლია, რომ ამ სანიმუშო ქვეყნებისა და ალტერნატიული პოლიტიკის გამტარი ქვეყნების პრაქტიკის მაგალითები შევადაროთ. 

მოწევასთან გამკლავების საუკეთესო გზას მოწევის მაჩვენებლის შემცირება წარმოადგენს, შესაბამისად, MPOWER-ის წარმატებაზე მსჯელობაც სწორედ ამ კრიტერიუმით შეგვიძლია.

მაგალითად, თურქეთში ბოლო წლებში მოწევის პრევალენტობა იზრდება - 2022 წელს 15 წელს გადაცილებულ ადამიანებში მოწევის პრევალენტობა 32.1% იყო, რაც დაახლოებით 19%-იანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით (2012 წელს ეს მაჩვენებელი 26.8%-ს შეადგენდა), ხოლო 2014 წელთან შედარებით 2%-იანი შემცირებაა (2014 წელს - 32.5%). ეს შესაძლოა თურქეთის მხრიდან თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმის არასათანადო რეგულაციით იყოს გამოწვეული. კერძოდ, თურქეთში ტრადიციული წვადი თამბაქოს გაყიდვა და წარმოება დაშვებულია და სიგარეტის წარმოება ქვეყანაში იზრდება. პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გასახურებელი თამბაქოს იმპორტირება აკრძალულია, მისი წარმოების ლიცენზია კი დღემდე არ გაცემულა, ხოლო ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა პირდაპირაა აკრძალული

თუმცა, სიგარეტის წარმოების ზრდის ფაქტორი არ ცვლის ფაქტს, რომ თურქეთი MPOWER-ის მხრივ წამყვანი ქვეყანაა და შემოღებული აქვს ჯანმოს მიერ რეკომენდებული ყველა ზომა - აკრძალული აქვს რეკლამირება და სიგარეტის არომატიზატორები, დაწესებული აქვს მაღალი აქციზი და სიგარეტის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა სავალდებულო გახადა. ჯანმოს მიერ მოწევის პრევალენტობის შესამცირებლად რეკომენდებული ზომების ზედმიწევნად შესრულების მიუხედავად, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოწევის პრევალენტობა არა თუ მცირდება, არამედ იზრდება. 

თურქეთის მსგავსად, ბრაზილიის კანონმდებლობაც მკაცრად უდგება უკვამლო თამბაქოს პროდუქტებს - როგორც ელექტრონული სიგარეტების, ისევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების გაყიდვა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის შემთხვევაშიც მოწევის პრევალენტობის შემცირების მხრივ პროგრესის ტემპი ნელი გამოდგა - 2013 წლიდან 2023 წლამდე ბრაზილიაში 18 წელს გადაცილებულ პირებში მოწევის პრევალენტობა 11.3%-იდან 9.3%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ მოწევის პრევალენტობა 10 წლის განმავლობაში მხოლოდ  18%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლიდან 2023 წლამდე ეს მაჩვენებელი 14%-ით იყო შემცირებული.

ამასთან, მავრიტანიის შემთხვევაში 20-დან 74 წლამდე მოსახლეობაში მოწევის პრევალენტობა 2015 წლიდან 2021 წლამდე მხოლოდ 6%-ით შემცირდა - 19.3%-იდან 18.1%-მდე

მეორე მხრივ, ჯანმოსგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარმა ქვეყნებმა, რომლებმაც ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების წახალისების გზა აირჩიეს, ნაკლები ძალისხმევითა და შეზღუდვებით არანაკლებ, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწიეს თამბაქოს მოხმარების შემცირების მხრივ. 

მაგალითად, ახალ ზელანდიაში ზრდასრულების მიერ თამბაქოს ყოველდღიური მომხმარებლების წილი 2017-18 წლის 13.3%-იდან 2022-23 წლებში 6.8%-მდე დავიდა, რაც 5 წელიწადში 49%-იანი შემცირებაა. ამავე პერიოდში მთავრობის მხრიდან ელექტრონული სიგარეტების მხარდაჭერისა და რეგულირების ფონზე ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2.6%-იდან 9.7%-მდე გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირება ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ზრდასთან არის კავშირში. ეს გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე ჯანმოს აქამდე დასახული მიზანი, რომ 2010 წლიდან 2025 წლამდე მოწევის პრევალენტობაში 30%-იანი შემცირებისთვის მიეღწია. ახალი ზელანდია მიზნად ისახავს, რომ 2025 წლის ბოლომდე მოწევის პრევალენტობა 5%-ის ქვემოთ დაიყვანოს, რაც, ამ მონაცემების ფონზე, რეალისტურია. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ზელანდია თამბაქოს პროდუქტებს არ ზღუდავს, არამედ ცდილობს, MPOWER-ით გათვალისწინებულ შემზღუდავ ზომები და ზიანის შემცირების პრინციპები გონივრული ბალანსით დანერგოს. 

ალტერნატივების გამოყენებით თამბაქოს კონტროლის წარმატებული პოლიტიკის მაგალითები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება - მაგალითად, შვედეთში, ინგლისსა და იაპონიაში. როგორც უკვე ითქვა, შვედეთს სნუსის გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და ალტერნატივების დანერგვის პოლიტიკით ყოველდღიური მოწევის პრევალენტობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - 2024 წლისთვის 5.4%-მდე შემცირდა. იაპონიის შემთხვევაში სიგარეტის მოწევის მნიშვნელოვანი შემცირება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების გამოყენებასთან არის დაკავშირებული, ინგლისში კი - ელექტრონულ სიგარეტებთან. 

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების მოხმარება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების შემცირების პოტენციალთანაც არის დაკავშირებული. 

აქედან გამომდინარე, გონივრულია ვარაუდი, რომ MPOWER-ის ზომების ზედმიწევნით შემოღება და დაცვა არ არის აუცილებელი ან საკმარისი თამბაქოს მომხმარებელთა პროპორციის შესამცირებლად, რადგან არის წარმატების მაგალითები, რომლებიც ნიკოტინის უკვამლო პროდუქტების დიფერენცირებული რეგულირებით შედგა და ასევე არის წარუმატებელი ქვეყნის მაგალითიც, რომელმაც MPOWER-ის რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვა. მეტიც, ახალმა ზელანდიამ ალტერნატივების წახალისებით იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჯანმოს ნებისმიერმა სანიმუშო ქვეყანამ.

 

კომენტარები