ჯანმო

ჯანმო ქვეყნებს მოგზაურობისთვის ვაქცინაციის დოკუმენტის შემოღებას ამჟამად არ ურჩევს

Teller report

15 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამჟამად თავი შეიკავა ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინაციის ან იმუნიტეტის დოკუმენტის მიღების, როგორც საერთაშორისო მოგზაურობის პირობის, რჩევისგან.

"ამჟამად ნუ შემოიღებთ ვაქცინაციის ან იმუნიტეტის მტკიცებულების მოთხოვნას საერთაშორისო მოგზაურობისთვის [ქვეყანაში] შესვლისთვის. რადგან კვლავ არსებობს კრიტიკული უცნობები გავრცელების შემცირებისთვის ვაქცინაციის ეფექტიანობის და ასევე, ვაქცინების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო," - განაცხადეს ჯანმო-ში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის დოკუმენტმა არ უნდა გაათავისუფლოს საერთაშორისო მოგზაურები სამოგზაურო რისკის შესამცირებელი სხვა ზომების მიღებისგან.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა, დიდერ ჰუსინმა, თქვა, რომ ამჟამად დიდი განსხვავებაა ქვეყნებს შორის ტესტირების, კარანტინის და სამოგზაურო შეზღუდვების მხრივ, რის შედეგადაც მსოფლიო "ცოტათი პარალიზებული და დაბნეულია".

"ჯანმო-ს კომიტეტი ამბობს, რომ ეს არის "ამჟამად". საკმარისი ვაქცინა არ არის და მეცნიერული მტკიცებულებებიც არასრულია. შესაბამისად, ეს ახლა არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა შევქმნათ არასაჭირო შეზღუდვები მოგზაურობისთვის". - ამბობს ჯანმო-ს მაღალი რანგის საგანგებო მდგომარეობის ექსპერტი, მაიკ რაიანი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ Pfizer-ის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მართავს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე.

კომენტარები