მერლინ მენსონი

მენსონს ტრანსგენდერი სტილისტი ქალი იარაღით მუქარასა და ტრანსფობიაში ადანაშაულებს

People

ამერიკელი მუსიკოსის, მერლინ მენსონის მისამართით ახალმა ბრალდებამ გაიჟღერა. ვიზუალური არტისტისა და სტილისტის, ლავ ბეილის თქმით, როკ მომღერალმა მას შუბლზე იარაღი მიადო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

"მენსონმა "გლოკი"(პისტოლეტის მოდელი) აიღო და შუბლზე დამადო, შემდეგ მითხრა რომ "პ*******ები სძულს, მისი ტონი ძალიან აგრესიული იყო, მეგონა, მომკლავდა. ამის შემდეგ ასისტენტს ხელი მოვკიდე და იქიდან წამოვედით. საშინელი ადგილი იყო, ერთ-ერთ ოთახში გალია ედგა, რომელშიც როგორც ვიცი, ქალებს კეტავდა". - იხსენებს ინციდენტს ბეილი, რომელიც 2011 წელს მოხდა.

სტილისტმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კიდევ ერთ მსახიობზე ილაპარაკა, რომელზეც მისი თანდასწრებით მენსონმა არაერთხელ ფიზიკურად იძალადა. ხსენებული მსახიობი შესაძლოა ევან რეიჩელ ვუდი იყოს, თუმცა სახელი ვიდეოს ავტორს განგებ აქვს დაფარული. 

გასულ კვირას Westworld-ის მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა ყოფილი მეგობარი კაცი, როკმუსიკოსი მერლინ მენსონი სექსუალურ ძალადობასა და ძალადობრივ მოპყრობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით მუსიკოსი კიდევ ოთხმა დაზარალებულმა, მათ შორის ცნობილმა პორნოვარსკვლავმა ჯენა ჯეიმსონმა ამხილა.

ვუდის განცხადების შემდეგ მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტეს ხმის ჩამწერმა სტუდიამ და ჰოლივუდის სააგენტომ.

გუშინ მუსიკოსის წინააღმდეგ ასევე მისი ბენდის ყოფილმა გიტარისტმა, უეს ბორლენდმა გაილაშქრა:

"მის ბენდში 9 თვის განმავლობაში ვუკრავდი. ის კარგი პიროვნება არ არის. ყველა ბრალდება სიმართლეა. ამიტომ, შეეშვით ქალების დადანაშაულებას, ისინი სიმართლეს ამბობენ. მესმის, რომ მრავალი თაყვანისმცემელი ჩემს ნათქვამზე გაბრაზდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნიჭიერია, შ** აქვს, დასაწვენია, გამოსაფხიზლებელი, დროა საკუთარი შინაგანი დემონები დაამარცხოს".

თავად როკმუსიკოსმა ბრალდება უარყო და ვუდის განცხადებას "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.

კომენტარები