დავითგარეჯის საქმე

ბურჯანაძე ვოლსკიზე: მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

"მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი". – ამბობს ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ფორმულასთან საუბარში ქართული ოცნების წევრ გიორგი ვოლსკიზე.

"გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, ნამდვილად, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ.

ანუ, რა თქვა დღეს ვოლსკიმ? რომ ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც არაფერ შუაში არ არის იმ უბედურებასთან, რაც დააბრალეს [...] ვიღაცამ გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა". – ამბობს ბურჯანაძე. 

დღეს, 2 თებერვალს გია ვოლსკიმ არსებითად ერთპარტიულ პარლამენტში ივერი მელაშვილზე საუბრისას საუბრისას თქვა, რომ "ტაქტიკაა, ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ შეურაცხყოფა მიაყენონ". 

გუშინ, 1-ელ თებერვალს, Facebook მომხმარებელმა, სოფო სამუშიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ივერი მელაშვილს მოქალაქე ბაქარ ადამია სავაჭრო ცენტრში შეურაცხყოფას აყენებს

მელაშვილის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მელაშვილის პირისპირ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების პროპაგანდაა.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები