დავითგარეჯის საქმე

"ტაქტიკაა, ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ შეურაცხყოფა მიაყენონ" – ვოლსკი მელაშვილზე

გიორგი ვოლსკი

"ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს [...] ეს ტაქტიკა ადვილად იშიფრება". – ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის უფროსზე, ივერი მელაშვილზე საუბრისას. 

"გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება ამ დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება და ეს ემოციების შეჯახება ერთმანეთზე. თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები, მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და, ხშირ შემთხვევაში, ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს და იქნებ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი მოელიან, იქნებ მერე საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალო. 

ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო". – ამბობს გიორგი ვოლსკი პარლამენტში საუბრისას. 

გუშინ, 1-ელ თებერვალს, Facebook მომხმარებელმა, სოფო სამუშიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ივერი მელაშვილს მოქალაქე ბაქარ ადამია სავაჭრო ცენტრში შეურაცხყოფას აყენებს

მელაშვილის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მელაშვილის პირისპირ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების პროპაგანდაა.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები