ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნი 15 თებერვლამდე დაპატიმრებული უნდა იყოს.

"ეს ყველაფერი კანონის ერთი დიდი დარღვევაა, კანონის დემონსტრაციულად დარღვევა. წაიკითხეთ სასამართლოს ოქმი? თუ წაიკითხეთ, მაშინ თქვენ უნდა გაიცინოთ მოსკოვის რეგიონალურ სასამართლოზე". - თქვა ნავალნიმ

"ჩვენ არასდროს მივცემთ უფლებას ამ ხალხს, რომ ჩვენი ქვეყანა მოგვპარონ. დიახ, ამჟამად სასტიკი ძალა თქვენს მხარესაა. თქვენ შეგიძლიათ, ხელბორკილები დამადოთ, მაგრამ ეს არ გაგრძელდება სამუდამოდ". - აღნიშნა მან. 

ალექსეი ნავალნიმ, მოსამართლეს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში დაბრუნებისას, 17 იანვარს დააკავეს, თავის დაცვის მხარესთან განმარტოებით საუბრის უფლება არ მიუციათ. 

ამის პასუხად, მოსამართლემ ნავალნის 5 წუთი მისცა, რათა ის თავის ადვოკატს ვიდეოზარით დალაპარაკებოდა და ციხის დაცვას სთხოვა, ოთახი დაეტოვებინათ. 

მას შემდეგ, რაც მოსმაართლემ განაჩენი გამოიტანა ნავალნიმ თქვა: "სასამართლო პროცესის დაწყებამდე ყველაფერი ნათელი იყო ჩემთვის, მადლობა".

ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ივან ჟდანოვის თქმით, 27 იანვარს ნავალნის ძმა და თანამოაზრეები სახლების და სამუშაო ადგილების ჩხრეკის შემდეგ დააკავეს კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებებით.

ნავალნის სახლი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც 31 იანვარს მისი მხარდამჭერი მეორე აქცია დააანონსეს

23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აქციებზე 3900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარული ქონების შესახებ.

 

კომენტარები