ალექსეი ნავალნი

ჟდანოვი: მოსკოვში სამართალდამცავები ნავალნის ბინას ჩხრეკენ

ალექსეი ნავალნი
Meduza

დაპატიმრებულ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი, ივან ჟდანოვი წერს, რომ მოსკოვში ნავალნის ბინას რუსი სამართალდამცავები ჩხრეკენ. 

"მარიინოს [რაიონში] ალექსეი ნავალნის ბინას ჩხრეკენ. ბევრი შეიარაღებული პირია ნიღბებით. მათ კარის ჩამოღება დაიწყეს". – ჟდანოვი Twitter-ზე წერს. მისივე თქმით, ნავალნის ძმა ამ ბინაშია

The Moscow Times წერს, რომ ნავალნის სახლი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც 31 იანვარს მისი მხარდასაჭერი მეორე აქცია დააანონსეს. 

ჟდანოვი Twitter-ზე წერს, რომ უშიშროების სამსახურმა ასევე გაჩხრიკა ბინა, სადაც ნავალნის ცოლი, იული ნავალნაია იმყოფებოდა. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკა სისხლის სამართლის 236-ე მუხლით ჩაატარა, რაც სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დარღვევას ეხება.

ტელეგრამის არხზე, Baza-ზე წერენ, რომ გამომძიებლები ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს ყველა წევრის ბინის გაჩხრეკას აპირებენ, მათ შორის ლიუბოვ სობოლის. 


23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აქციებზე 3900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

კომენტარები