NDI-ის კვლევა

NDI: 41% თვლის, ახალი პარლამენტი იმუშავებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 32% არ ეთანხმება

ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 32% არ ეთანხმება, ხოლო 27%-მა არ იცის.

ქართული ოცნების მხარდამჭერების 76% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო 8% არ ეთანხმება.  ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის მხოლოდ 22% ეთანხმება, 60% კი – არა.

ასევე გამოკითხულთა 39% თვლის, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტურად გაუწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას, 28% ამას არ ეთანხმება.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსდა გირჩის სამ წევრს არ მიუმართავს.

ასევე პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავა, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.


 

კომენტარები