ერთპარტიული პარლამენტი

ქართული ოცნება უცხოელებს უხსნის, რომ პარლამენტში პროევროპელი "პატრიოტები" შევიდნენ

ქართული ოცნება 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

"არჩევნების შედეგების უარყოფის და შემდგომი პოლიტიკური პროცესებისათვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი და პატრიოტთა ალიანსი ერთმანეთის მიყოლებით დაიშალნენ. ოპოზიციურ პარტიებში ამ შემაშფოთებელ უთანხმოებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პროდასავლური კურსის არარსებობა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ბოიკოტი.

ამ პირობებში პატრიოტთა ალიანსის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, ჩაენაცვლებინათ დეპუტატები მათი პარტიის სიიდან და მიეღოთ მანდატები. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. პატრიოტთა ალიანსის ამ წევრებმა გამოაცხადეს, რომ პარლამენტში შესვლის პარალელურად ტოვებდნენ პარტიას და ქმნიდნენ ახალ პოლიტიკურ ერთობას, ევროპელ სოციალისტებს, რომელსაც წარმოადგენენ პარლამენტში".

ქართული ოცნება საინფორმაციო ბიულეტენში ირწმუნება, რომ ევროპელი სოციალისტების პარტია პროევროპულია და არა პრორუსული:

"ახლად ჩამოყალიბებულმა ევროპელმა სოციალისტებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ "ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი საერთო ეროვნული მიზნებისათვის. ესენია ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტუქტურებში ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით". მათ ასევე მოუწოდეს პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საშუალება.

პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ პრორუსულ სენტიმენტებს პროევროპულ ქართულ პარლამენტში ადგილი არ აქვს და დემოკრატიული პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდება".

ბიულეტენის დასასრულს მათ მოჰყავთ რამაზ საყვარელიძის სიტყვები:

"როგორც პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ იწინასწარმეტყველა, "მათ სხვა პარლამენტარები და პარტიებიც მიჰყვებიან, რადგან ბოიკოტს დასავლელი პარტნიორებისგან არავითარი მხარდაჭერა არა აქვს და მათ ნათლად განაცხადეს, რომ ქუჩის პოლიტიკის ნახვა არ სურთ".

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო.

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები