NDI-ის კვლევა

NDI: მთავრობის მუშაობას კარგად გამოკითხულთა 50% აფასებს, ცუდად  — 38%

საქართველოს მთავრობა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38%  – ცუდად, ხოლო 11%-მა არ იცის.

მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 40%-ით თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში — 52%-ით.

ასევე, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშიც დასვა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 39%-ით 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად — 51%-ით 35 წელსა და 54 წელს შორის მყოფი ადამიანები.

ოპოზიციის მხარდამჭერების 77% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს, ხოლო კარგად — 15%. ქართული ოცნების მხარდამჭერების 88% კი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, საპირისპირო აზრზე 7%-ია.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები