აშშ-ირანი

აიათოლა ალი ხამენეი Twitter-ზე ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიებით იმუქრება

Twitter

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის Twitter-ზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ტრამპის მსგავსი ფიგურა გოლფის მოედანზე დგანს, მის თავზე კი დრონის ჩრდილია.

ტვიტში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიებაზეა საუბარი.

"სოლეიმანის მკვლელები და ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანება გასცა, უნდა დაისაჯონ. შურისძიება შესაფერის დროს მოხდება". - ვკითხულობთ პოსტში.

 

Twitter-ს მუქარის შემცველი ეს პოსტი ჯერ-ჯერობით არ წაუშლია.

ხამენეის მსგავსი განცხადება წარსულშიც გაუკეთებია:

"ისინი, ვინც გენერალ სოლეიმანის მკვლელობა დაუკვეთა, ასევე ისინი, ვინც ეს ბრძანება შეასრულა, უნდა დაისაჯონ. შურისძიება აუცილებლად მოხდება შესაფერის დროს". -  ამ შინაარსის პოსტი ხამენეის ტვიტერზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ამერიკული დრონით ავიაიერიშის დროს მოკლეს. სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ქვედანაყოფის, ყუდსის მეთაური იყო. მასთან ერთად თავდასხმისას მოკლეს ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სოლეიმანი აშშ-ს საელჩოებზე გეგმავდა თავდასხმას. პასუხად ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა მოაწყო, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.

მიმდინარე თვეს Twitter-მა აიათოლა ალი ხამენეის წაუშალა პოსტი, რომელშიც საუბარი იყო აშშ-სა და ბრიტანეთში წარმოებულ ვაქცინებზე. ხამენეი წერდა, რომ ვაქცინები სანდო არ არის და სხვა ქვეყნებში დაავადებების გავრცელებას ისახავს მიზნად. მან ქვეყანაში ბრიტანული და ამერიკული ვაქცინების იმპორტი აკრძალა და თქვა, რომ ირანი ვაქცინას სხვა, "სანდო ქვეყნებიდან" მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა. ამ ეტაპზე დასავლური ქვეყნების გარდა ვაქცინას მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი აწარმოებენ.

კომენტარები