კორონავირუსი ირანში

ირანის უზენაესმა ლიდერმა Covid-19-ის ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი აკრძალა

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში წარმოებული კორონავირუსის ვაქცინების იმპორტი აკრძალა და თქვა, რომ დასავლური ძალები სანდოები არ არიან. სატელევიზიო გამოსვლაში მან გამოთქვა ეჭვი, რომ დასავლური ქვეყნები ცდილობენ, ვირუსი გაავრცელონ სხვა ქვეყნებში.

"ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება. ის საერთოდ არ არის სანდო. მოულოდნელი არ იქნება, რომ მათ სხვა ქვეყნებში ინფექციის გავრცელება სურდეთ. საფრანგეთიდან შემოსული შიდსის ვირუსით დაბინძურებული სისხლის მარაგის მაგალითის გათვალისწინებით, არც ფრანგული ვაქცინებია სანდო". - თქვა მან.

აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ვაქცინას სხვა, "სანდო ქვეყნებიდან" მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს გულისხმობდა. ამ ეტაპზე დასავლური ქვეყნების გარდა ვაქცინას მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი აწარმოებენ.

ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო თავად ირანმაც და გასულ თვეს პირველი ექსპერიმენტი ჩაატარა ადამიანებზე.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ირანში კორონავირუსით 1 274 514 ადამიანი დაავადდა, ბოლო 24 საათში დადასტურდა 6 251 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 85 ადამიანი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 56 018-ს მიაღწია.

კომენტარები