აშშ-ირანი

ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ გემებს ისევ დაარტყამენ, პასუხი "უარესი" იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანზე მიტანილ მორიგ იერიშს გამოეხმაურა და ისინი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებს კვლავ დაარტყამენ, აშშ-ს პასუხი გაცილებით "უარესი იქნება".

"ჩვენი იერიში ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაბომბვის საპასუხო ქმედებაა. თუ ეს კიდევ განმეორდება, საქმე გაცილებით უარესად წავა. 

ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. ვიტყოდი, 20-ჯერ ძლიერადაც კი. როცა ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მათ 20-ჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ. ახლაც ასე მოვიქეცით, ჩვენი ბოლო იერიში გუშინდელ ღამეზე პასუხი იყო. სინამდვილეში, ირანმა ჰორმუზის სრუტეში 3 გემს დაარტყა და არა 2-ს. როცა ისინი გვარტყამენ, ჩვენ უფრო ძლიერად ვპასუხობთ". - თქვა ტრამპმა. 

გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ მიტანილი საპასუხო იერიშის შემდეგ, მას ირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება კიდევ ერთხელ შესთავაზეს.

"ირანიდან დამირეკეს, მათ შეთანხმების დადება ძალიან სურთ. უბრალოდ, არ ვიცი, ისინი შეთანხმების ღირსები არიან თუ არა. არ ვიცი, პატივს სცემენ თუ არა შეთანხმებას, პრობლემა ზუსტად ესაა". - განაცხადა ტრამპმა.

8 ივლისს ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა.

აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია 7 ივლისს დაიწყეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს მათ იმის საპასუხოდ გააკეთეს, რომ იქამდე, ირანი ჰორმუზის სრუტეში მიმავალ რამდენიმე სავაჭრო გემს თავს დაესხა

გარდა ამისა, ამის საპასუხოდ, აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციებიც აღადგინა.


17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვერსალის სასახლეში ირანთან მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დამთავრება იყო.

დოკუმენტის შესახებ დეტალები რეპორტიორებს ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გაუზიარა.

რა წერია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტში, რომელიც მედიაში გავრცელდა

შეთანხმებას ტრამპმა ხელი პირადად მოაწერა, როცა ის ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვახშმობდა.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ ირანულ სახელმწიფო მედიას აცნობა, რომ შეთანხმებას ხელი ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მოაწერა. 

კომენტარები