აშშ

ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად ათი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენა 10 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ბრძანებები კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეეხება.

გაიზრდება ტესტირების მასშტაბები და დაჩქარდება ვაქცინაცია. ასევე გაიზრდება დამცავი აღჭურვილობის, მათ შორის პირბადეების წარმოება.

გეგმის მიხედვით, მიზანია 100 დღეში უსაფრთხოდ გაიხსნას სკოლები, სტადიონებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნას.

მათ, ვინც აშშ-ში გაემგზავრება დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, შემდეგ კი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა.

ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო გახდა ფედერალური მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე. ახალი ბრძანებით კი პირბადე სავალდებულო ხდება აეროპორტებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში და ავტობუსებშიც.

წინა ადმინიტრაციის პოლიტიკისაგან განსხვავებით, ბაიდენის გეგმა ვირუსთან გამკლავების პასუხისმგებლობის ცალკეული შტატების ხელისუფლებებისთვის დაკისრების ნაცვლად ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. ამისათვის შეიქნება საკოორდინაციო ოფისი და გაიზრდება ადგილობრივი მთავრობებისათვის ვირუსთან გასამკლავებლად გამოყოფილი დაფინანსება.

მიუხედავად იმისა, რომ აღმარსულებელ ბრძანებას კონგრესის თანხმობა არ სჭირდება, გეგმაში გათვალისწინებული ფინანსები შედის $1.9-მილიარდიან პაკეტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეცნიერებს ექნებათ მუშაობის საშუალება პოლიტიკური ჩარევის გარეშე. მოგვიანებით კომენტარი გააკეთა მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ. მან თქვა, რომ თუ ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70-85%-ის აცრას შეძლებენ, შემოდგომიდან ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. მთავარ გამოწვევად ფაუჩი მიიჩნევს იმ ადამიანების დარწმუნებას, ვინც ვაქცინისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ფაუჩი მიესალმება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას მეცნიერებისადმი:

"იდეა, რომ შეგიძლია გამოხვიდე აქ და თქვა ის, რაც იცი, რისი მტკიცებულებაც არსებობს, რაც არის მეცნიერული, თავისუფლების შეგრძნებას აჩენს". - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

ფაუჩიმ ასევე გამოაცხადა, რომ აშშ შეუერთდება Covax-ის სქემას, რომლის მიზანია, ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს მიაწოდონ. ბაიდენმა უკვე შეცვალა ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსთ სულ 25 196 086 ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 420 285, გამოჯანმრთელდა - 15 100 991. ამჟამად ქვეყანაში 9 674 810 აქტიური შემთხვევაა, მათგან 27 653 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა. აშშ-ში უკვე დაიწყეს Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მოსახლეობის აცრა. ამ დროისათვის სულ 16.5 მილიონამდე დოზა გამოიყენეს.

დეკემბერში ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ სურს, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ 100 დღეში კორონავირუსზე 100 მილიონი აცრა გაკეთდეს.

მან  მოუწოდა ამერიკელებს, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.

კომენტარები