აშშ

აშშ WHO-ს არ დატოვებს, პარიზის შეთანხმებაში დაბრუნდება - ბაიდენმა 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენი
Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოსტის დაკავებიდან პირველივე დღეს 15 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას აუქმებს.

პირველი ბრძანება, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, კორონავირუსის კრიზისზე ფედერალური მთავრობის უფრო აქტიურ რეაგირებას შეეხება. მათ შორისაა პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის სავალდებულოდ გახდა ფედერალური მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე. შეიქმნება ახალი ოფისი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პანდემიაზე რეაგირებას. გარდა ამისა, გაუქმდა ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აშშ აღარ დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ამ ნაბიჯს მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

"როცა საქმე ეხება იმ კრიზისთან გამკლავებას, რომლის წინაშეც ვართ, დასაკარგი დრო არ არის". – დაწერა მან ტვიტერზე.

ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა აღმარსულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაიწყება 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნება.

ბაიდენმა გააუქმა ტრამპის მიერ გაცემული ნებართვა Keystone-ის სადავო ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომელსაც გარემოს დამცველები და ამერიკელი ინდიელები ეწინააღმდეგებიან. მილსადენს ნავთობი კანადიდან უნდა წამოეღო. ამ საკითხს ბაიდენი პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან განიხილავს. ეს იქნება მისი პირველი სატელეფონო ზარი უცხოელ ლიდერთან პრეზიდენტის რანგში.

ბაიდენმა ასევე გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა აშშ-ს საზღვარზე, რომელიც შესაძლებელს ხდიდა, სპეციალური ფონდებიდან სახსრები სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის გამოეყენებინათ.

ასევე გაუქმდა სამოგზაურო შეზღუდვა, რომელიც ტრამპმა მუსლიმური ქვეყნებიდან მომავალ პირებს დაუწესა.

კიდევ რას გეგმავს პრეზიდენტობის პირველ დღეებში ჯო ბაიდენი შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ:

კომენტარები