აშშ

მსროლელმა თეთრ სახლთან საიდუმლო სამსახურის აგენტებს ცეცხლი გაუხსნა, თავდამსხმელი მოკლულია

Alex Brandon / AP Photo/Alex Brandon

თავდამსხმელმა თეთრი სახლის მახლობლად აშშ-ს საიდუმლო სამსახურის აგენტებს ცეცხლი გაუხსნა - დაპირისპირების შედეგად ეჭვმიტანილი მოკლულია, ერთ-ერთი თვითმხილველი კი დაიჭრა. თავდასხმის დროს არცერთი სამართალდამცავი არ დაშავებულა

განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა თეთრი სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 6 საათზე საიდუმლო სამსახურის აგენტებს სროლა დაუწყო, სამართალდამცავებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შედეგად მსროლელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

სროლის დაწყების შემდეგ თეთრ სახლში მყოფი ჟურნალისტები ბრიფინგის ოთახში გადაიყვანეს. 

CBS-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 21 წლის ნასირ ბესტია. გამოცემის მიხედვით, ბესტს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა და მის შესახებ საიდუმლო სამსახურს ცნობები აქამდეც ფლობდა. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ ბესტი გასული წლის ივლისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან თეთრ სახლში შეღწევა სცადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელი დაპირისპირების შედეგად მოკლულია.

"მადლობას ვუხდი ჩვენს დიდებულ საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავებს ამ საღამოს თეთრი სახლის მახლობლად სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის მსროლელის წინააღმდეგ, რომელსაც ძალადობრივი წარსული ჰქონდა და შესაძლოა, შეპყრობილი იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დასაფასებელი სტრუქტურით", - დაწერა ტრამპმა. 

ამჟამად შემთხვევის გამოსაკვლევად გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით მსროლელის მოტივი უცნობია.

კომენტარები