კორონავირუსი აშშ-ში

ფაუჩი: აშშ კოვაქსის პლატფორმის წევრი გახდება

ენტონი ფაუჩი
GETTY IMAGES

აშშ-ს გადამდები დაავადებებისა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის თანახმად, აშშ კოვაქსის პლატფორმის წევრი გახდება.

კოვაქსის პლატფორმა საერთაშორისო მასშტაბით უყრის სახსრებს თავს, რათა დააფინანსოს ვაქცინების შესყიდვა და მსოფლიოს გარშემო მის თანაბარ გადანაწილებას შეუწყოს ხელი. პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. კოვაქსის პლატფორმის წევრ ქვეყნებში საქართველოცაა.

გეგმის მიხედვით, კოვაქსმა ვაქცინის პირველი დოზების მიწოდება მომავალ თვეში უნდა დაიწყოს, პლატფორმის თანახმად, წელს მისი წევრებისთვის ის ვაქცინის 2 მილიარდი დოზის მიწოდებას შეძლებს, რაც წევრი ქვეყნების მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის იქნება საკმარისი.

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაუბრუნდება და პანდემიასთან მსოფლიო ბრძოლაში უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

"მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ აშშ გააგრძელებს  ჯანმოს წევრობას. აშშ ასევე აპირებს ორგანიზაციის მიმართ თავისი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს". – თქვა ფაუჩიმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოსტის დაკავებიდან პირველივე დღეს 15 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას აუქმებს. მათ შორის, გაუქმდა ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აშშ აღარ დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

პირველი ბრძანება, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, კორონავირუსის კრიზისზე ფედერალური მთავრობის უფრო აქტიურ რეაგირებას შეეხება. მათ შორისაა პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის სავალდებულოდ გახდა ფედერალური მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე. შეიქმნება ახალი ოფისი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პანდემიაზე რეაგირებას.

კომენტარები