კორონავირუსი აშშ-ში

ბაიდენს სურს, პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან 100 დღეში აშშ-ში Covid-19-ის 100 მილიონი აცრა გაკეთდეს

ჯო ბაიდენი
AP

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მისი მიზანია, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ 100 დღეში კორონავირუსზე 100 მილიონი აცრა გაკეთდეს.

მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტობის პირველ თვეებში პანდემია არ დასრულდება, თუმცა გადადგამენ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

"ჩემი პირველი 100 დღე ვერ დაასრულებს კორონავირუსს, ამას ვერ დაგპირდებით. ამ სიტუაციაში სწრაფად არ ჩავცვენილვართ და სწრაფადაც ვერ გამოვალთ". – თქვა მან.

ბაიდენმა უკვე მოუწოდა ამერიკელებს, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე გეგმავენ ვაქცინა 24 მილიონამდე ამერიკელს მიაწოდონ.

ჯერჯერობით, აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინას, რომლის გამოყენება დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, შესაძლოა, აშშ-ში ამ ვაქცინით აცრა მომდევნო კვირიდან დაიწყოს.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 15 594 534 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 088 387, გარდაიცვალა - 293 496. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან საარჩევნო კოლეგიაში, ჯამში, 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. პრეზიდენტად არჩევისათვის 270 ხმა არის საჭირო. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

კომენტარები