დონალდ ტრამპი

Twitter-მა ტრამპს ანგარიში გაუუქმა

Twitter-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სოციალური ქსელის ანგარიში გაუუქმა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ანგარიში გააუქმეს "ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო".

Twitter-ში ასევე თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც @realDonalTrump-ის ანგარიშის უკანასკნელი ტვიტები და მათი  კონტექსტი მკაცრად განიხილეს.

მანამდე, 7 იანვარს Twitter-მა ტრამპს ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა.

7 იანვრიდან დონალდ ტრამპის Facebook- და Instagram-ანგარიშები, სულ მცირე, ორი კვირითაა დაბლოკილი.

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ Facebook-მა წაშალა დონალდ ტრამპის ის პოსტები, რომლებიც, კომპანიის აზრით, ძალადობის წახალისებას და პროვოცირებას შეუწყობდა ხელს.

6 იანვარს, Facebook-მა წაშალა ვიდეო, რომლითაც ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდაჭერებს მიმართა, შემდეგ კი პრეზიდენტს 24 საათით Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებით სარგებლობა შეუზღუდა.

Facebook-ის წარმომადგენლის, გაი როსენის თქმით, ვიდეო შექმნილი "საგანგებო" ვითარების გამო წაიშალა.

ტრამპმა მიმართა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე:

"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ". – თქვა მან.

 6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

გარდაცვლილებს შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა და პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილეების შეკავებისას დაშავდა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

შედეგად, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა და ის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

 

კომენტარები