ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსითის შემდგომ სავაჭრო შეთანხმებას კენჭს უყრის

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს, 30 დეკემბერს კენჭს უყრის ბრექსითის შემდეგ ევროკავშირთან მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტარებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ "ისტორიულ შეთანხმებას". მოლაპარაკებები ევროკავშირთან 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და 24 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ შედეგს მიაღწიეს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ შეთანხმება 660 მილიარდი ფუნტის ღირებულებისაა და კანადის სტილის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას წარმოადგენს:

"ეს შეთანხმება დაიცავს ამ ქვეყანაში არსებულ სამუშაო ადგილებს, საშუალებას მოგვცემს, აქ წარმოებული პროდუქცია ტარიფებისა და კვოტების გარეშე გავყიდოთ ევროკავშირის ბაზარზე. ეს შეთანხმება ჩვენს კომპანიებსა და ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ბიზნესი აწარმოონ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან"

ისინი შეთანხმდნენ ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიც იყო თევზაობა, ბიზნესის კონკურენციის წესები და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობა. გთავაზობთ შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტების მოკლე მიმოხილვას:

თევზაობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა იყო შეთანხმების მიღწევის გზაზე. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, ევროკავშირის ქვეყნების რამდენ გემს ექნებოდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თევზაობის უფლება. ბრიტანეთს ასევე სურდა, მათ წყლებში დაჭერილი თევზის ღირებულების 80% მიეღო, ევროკავშირი კი მხოლოდ 18%-ს სთავაზობდა. საბოლოოდ მხარეები 25%-იან წილზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება 5.5 წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც გარდამავალ პერიოდად გამოცხადდა. ევროკავშირს უფრო ხანგრძლივი ვადა სურდა ამისათვის, თუმცა ბრიტანეთი არ დათანხმდა. ამის შემდეგ დიდ ბრიტანეთს საკუთარ ტერიტორიულ წყლებზე სრული კონტროლი ექნება და შეეძლება თევზაობით მიღებული მოგებიდან მეტი წილი მოითხოვოს. მათ ასევე შეეძლებათ, ევროკავშირის გემებს თევზაობის უფლება არ მისცენ, თუმცა ამისათვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ ევროკავშირში გატანილ პროდუქტზე (თევზის ან სხვა) დაწესებული ტარიფების ან ბრიტანული გემებისთვის ევროკავშირის ტერიტორიულ წლებში თევზაობის აკრძალვის სახით.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან სადავო საკითხს, ბიზნესის კონკურენციის წესებს, შეთანხმებაში გათვალისწინებულია ზომები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით ერთნაირ სტანდარტებს შეინარჩუნებენ. მსგავსი იქნება სოციალურ და გარემოს დაცვით რეგულაციებთან დაკავშირებული სტანდარტების ნაწილი.

ბრიტანეთში იმუშავებს სახელმწიფო დახმარების შეფასების ევროკავშირისგან განსხვავებული სისტემა. კერძოდ, კონკურენციის დამოუკიდებელი სააგენტო სახელმწიფო დახმარების მიზანშეწონილობას და სამართლიანობას შეაფასებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოჩნდება მტკიცებულება, რომ ეს დახმარება არასამართლიან კონკურენციას უწყობს ხელს. ევროკავშირში მსგავსი შეფასება სუბსიდიების გაცემამდე ხდება.

მესამე საკამათო საკითხი იყო შეთანხმების პირობების შესრულების უზრუნველყოფა. შეთანხმების მიხედვით, თუ რომელიმე მხარე შეთანხმების პირობებს დაარღვევს და ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს მეორე მხარეზე, ამოქმედდება დავების გადაჭრის მექანიზმი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტარიფების დაწესებას. ის დაბალანსების პრინციპით იმუშავებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით მხარეები ერთმანეთს ტარიფებსა და კვოტებს არ უწესებენ, ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლო მსგავსი ზომები მაინც ვიხილოთ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც შეთანხმებით გადაწყდა, არის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) იურისდიქცია. ის დიდ ბრიტანეთზე აღარ გავრცელდება. ევროკავშირმა მოლაპარაკებების პროცესში დათმო მოთხოვნა, რომ სწორედ ამ სასამართლოს განეხილა სამომავლო დავები შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. 31 დეკემბრიდან სასამართლოს იურისდიქცია მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიაზე გავრცელდება, რომელიც ბრექსითის შეთანხმებით სპეციალურ სტატუსს ინარჩუნებს და მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად იქ კვლავ იმოქმედებს ევროკავშირის საბაჟო წესები.

"ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს კანონებზე, რეგულაციებსა და ბედზე. პირველი იანვრიდან დავტოვებთ საბაჟო კავშირსა და ერთიან ბაზარს. ბრიტანულ კანონებს მხოლოდ მისი პარლამენტი მიიღებს. მის ინტერპრეტაციას მხოლოდ ბრიტანელი მოსამართლეები მოახდენენ ბრიტანეთის სასამართლოებში და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია დასრულდება". – თქვა ბორის ჯონსონმა

რაც შეეხება მოგზაურობას, ბრიტანელებს, რომლებსაც პირველი იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ენდომებათ ვიზა დასჭირდებათ იმისათვის, რომ 180 დღიან პერიოდში 90 დღეზე ხანგრძლივად დარჩნენ ევროკავშირის საზღვრებში. მხარეები შეთანხმდნენ როუმინგის საკითხზე თანამშრომლობაზე. ასევე, ბრიტანეთის მოქალაქეებს მანქანის მართვის საერთაშორისო მოწმობის აღება არ დასჭირდებათ. მსგავსი პირობები იმოქმედებს ევროკავშირის მოქალაქეებისათვის.

ბრიტანეთი აღარ იქნება ერაზმუსის გაცვლით სასწავლო პროგრამების მონაწილე. ამის ნაცვლად ამოქმედდება ახალი სქემა, რომელსაც სახელი ბრიტანელი მათემატიკოსის, ალან ტიურინგის საპატივცემულოდ ეწოდება. ჩრდილოეთ ირლანდიის უნივერსიტეტების სტუდენტები ერაზმუსის პროგრამებში მონაწილეობას კვლავ შეძლებენ.

ასევე, ორივე მხარე აცხადებს, რომ ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაზიარების საკითხზე, რათა ეს კვლავ მარტივად და შეუფერხებლად მოხდეს, თუმცა პირადი ინფორმაციის მკაცრად დაცვით.

შეთანხმება არ მოიცავს ნაწარმზე ერთმანეთის სტანდარტების აღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში, შესაძლოა, პროდუქტის შემოწმება ორჯერ გახდეს საჭირო სერტიფიკატის მისაღებად. მაგალითისათვის, მხარეები არ ცნობენ ერთმანეთის სანიტარულ ნორმებს და უსაფრთხოების სტანდარტებს ხორცპროდუქტების ექსპორტისას, რაც იმას ნიშნავს, რომ ექპორტზე გასულ პროდუქციას დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევს. მიუხედავად ამისა, ამოქმედდება სანდო სავაჭრო სქემები, რომლებიც დიდ კომპანიებს პროდუქტის გადატანას გაუადვილებს.

ასევე, ავტომატურად არ მოხდება პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ ევროკავშირის იმ ქვეყანას, სადაც მუშაობა სურთ, მათი კვალიფიკაციის აღიარების თხოვნით მიმართონ. მსგავსი პროცესის გავლა მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეებს. შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ საკითხის სამომავლო განხილვა.

დიდი ბრიტანეთი ასევე დაკარგავს ავტომატურ წვდომას ევროკავშირის ბაზებზე, რომელიც მოიცავს დამნაშავეთა რეგისტრაციას, თითის ანაბეჭდებს და ძებნილებს. მათ ამ ინფორმაციის გამოთხოვა დასჭირდებათ. შეთანხმება შედგა ექსტრადიციაზე.

იმისათვის, რომ შეთანხმება ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა სადაც ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

კომენტარები