ბრექსითი

ჯონსონის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ბრექსითის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა

ბორის ჯონსონი და ურსულა ფონ დერ ლეიენი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ბრიუსელში ჩავიდა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა.

მათი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. ბრიუსელის დატოვებამდე ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროკავშირი მათ ისეთ პირობებს სთავაზობდა, რომელსაც არცერთი პრემიერმინისტრი არ დათანხმდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ კვლავ რჩება დიდი ჩავარდნები პოზიციათა დაახლოების კუთხით. ცნობილი გახდა, რომ შეთანხმების მიღწევის ბოლო თარიღად 12 დეკემბერი, მიმდინარე კვირის ბოლო განიხილება. სწორედ ამ დრომდე გაგრძელდება მოლაპარაკებები.

"ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე". - თქვა შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლეიენმა.

დღეს, 10 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ბრექსითის საკითხი ოფიციალურ დღის წესრიგში არ არის, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას გააცნობენ.

შეთანხმების მისაღწევად მხარეებს დრო ოფიციალურად 31 დეკემბრამდე აქვთ. სწორედ ამ დღემდე ვრცელდება დიდ ბრიტანეთზე ევროკავშირის სავაჭრო წესები. თუ ისინი შეთანხმებას ვერ შეძლებენ, დაწესდება სასაზღვრო კონტროლი და გადასახადები ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქონლის გადატანაზე.

კვლავ რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები თევზაობის, ბიზნესის კონკურენციის წესებისა და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობის საკითხებზე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ერთ-ერთი საკამათო საკითხიდან, შიდა ბაზართან დაკავშირებული კანონიდან გარკვეული პუნქტები ამოეღოთ. მიუხედავად ამისა, თემთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონში იმ პუნქტების დაბრუნებას, რაც ლორდთა პალატამ გასულ თვეს ამოიღო.

ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და, შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს.

კომენტარები