ბრექსითი

ბრექსითის შემდეგ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ბორის ჯონსონი და ურსულა ფონ დერ ლეიენი

ბრექსითის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადის გასვლის მიუხედავად, ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები თითქმის მთელი წელია მიმდინარეობს და ყველა ბოლო ვადას გადაცდა, ვფიქრობთ, ამ მომენტში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება კიდევ დამატებითი გზა გავიაროთ ამ მიმართულებით". – თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ბოლო ვადად მათ, გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებებისას, 13 დეკემბერი დაასახელეს, თუმცა, ეს მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა.

"სადაც სიცოცხლეა, იქ იმედია. დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებიდან გამოსვლას არ აპირებს. მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ყველაზე მოსალოდნელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე გადასვლა და ამისათვის უნდა მოვემზადოთ. რამდენადაც მე ვხედავ, არის საკმაოდ სერიოზული საკითხები, რაც ამჟამად დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აშორებს. ახლა ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე გადასვლისათვის მომზადება". – თქვა ჯონსონმა.

ჯონსონსა და ფონ დერ ლეიენს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოო ვადა, როდესაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის აქამდე არსებული სავაჭრო პირობები გაუქმდება, 31 დეკემბერია და სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დრომდე შეეცდებიან მხარეები რაიმე შეთანხმების მიღწევას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მას კენჭი უნდა უყაროს როგორც დიდ ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპულმა პარლამენტმა.

იმ შემთხვევაში, თუ 31 დეკემბერს, გარდამავალი პერიოდის დასრულების დროს, მხარეებს არ ექნებათ ახალი შეთანხმება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, დაწესდეს სასაზღვრო კონტროლი და გადასახადები ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქონლის გადატანაზე.

მიმდინარე წლის მარტში დაწყებული მოლაპარაკებების მიუხედავად, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები თევზაობის, ბიზნესის კონკურენციის წესებისა და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობის საკითხებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა, წავიდეს დათმობაზე ზედამხედველობის საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებაში ჩაიდება მექანიზმი, რომელიც არათანაბარი კონკურენციის თავიდან არიდებას შეძლებს.

თევზაობის საკითხზე ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ თუ ევროკავშირის ფლოტს არ ექნება წვდომა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებზე, ბრიტანელი მეთევზეები ვეღარ მიიღებენ სპეციალურ წვდომას ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქტის გასაყიდად. დიდ ბრიტანეთში კი აცხადებენ, რომ საკუთარ ტერიტორიულ წყლებს თავად უნდა აკონტროლებდნენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ერთ-ერთი საკამათო საკითხიდან, შიდა ბაზართან დაკავშირებული კანონიდან, გარკვეული პუნქტები ამოეღოთ. მიუხედავად ამისა, თემთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონში იმ პუნქტების დაბრუნებას, რაც ლორდთა პალატამ გასულ თვეს ამოიღო.

ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და, შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს.

კომენტარები