კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

რუხაძე მარეგულირებლის ინიციატივაზე: სიგიჟე და კრეტინიზმია

კომერსანტი

ტელეკომუნიკაციების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა სამთავრობო მედიის 100%-იანი წილის მფლობელმაც გააკრიტიკა. ირაკლი რუხაძემ, რომელიც ტელეკომპანია იმედს ფლობს, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს "სიგიჟე" და "კრეტინიზმი" უწოდა. 

ამის შესახებ მაგთიკომის 46%-იანი წილის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკა. კომიტეტზე განიხილავდნენ მარეგულირებლის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კომისიას ეძლევა საშუალება, ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველები დანიშნოს. სპეციალურ მმართველს ასევე შეუძლია, რომ გაყიდოს კომპანიის წილები. აღსრულება კი კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრებისთანავე არ შეჩერდება. 

"ასეთი კითხვა მაქვს, აბსოლუტურად კონკრეტული და ნორმალური. მე ვარ მაგთის მეწილე, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მე და გიას [ჯოხთაბერიძე], საქართველოს გარეთ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, როგორ ვარ მე მინორიტარი და ის მაჟორიტარი მფლობელი მაგთიკომი საქართველოში. მას აქვს 56%, ჩვენ გვაქვს 44%. ახლა გიამ დაარღვია რაღაც კანონი, არ ვიცი, თქვენ დაუდგინეთ, რომ ვთქვათ, ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ მიაყენა და ახლა იძახი, რომ ამას არ ჰქონდა ამის უფლება იმიტომ, რომ ზიანი დადგა. მაინც გაყიდა, ვერ ვარევერსებთ იმიტომ, რომ სადღაც დელავერში ვართ. ახლა რას ვაკეთებთ, გიას 54%-იან წილს ყიდით საქართველოში? ვინ უნდა გამცეს პასუხი თქვენ, თუ თქვენმა იურისტმა"? – იკითხა ირაკლი რუხაძემ. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ირაკლი რუხაძეს უპასუხა, რომ მათი სპეციალური მმართველი იმ წილს გაყიდის, რა წილის უკან დაბრუნებასაც ითხოვს.  

"როგორ ყიდით 54% წილს საქართველოში, აბა, ამიხსენით?! სიგიჟეა. ახლა გინდათ კიდევ უარესი სიგიჟე გითხრათ? სიგიჟე კი არა, სისულელეა, კრეტინიზმია. ახლა მეორე კრეტინიზმს გეტყვით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სუფთა წილია, 54% საქართველოშია და არავინ არ ჰყავს, 100%-ს ყიდის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 100% გამოიტანეთ აუქციონზე ისე, რომ ჩვენ გიჩივით საქართველოს სასამართლოში. ვიძახით, რომ არ გქონდათ უფლება ამის გაკეთების, მაგრამ საქართველომ არ შეაჩერა და ამიტომ, გვიყიდით წილს. დამისახელეთ მყიდველი, რომელიც გადაიხდის $5-ზე მეტს ჩვენს წილში, თუ არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან, ან არ ეშინია საქართველოს სასამართლოსი, ან, უბრალოდ, ავანტიურისტი არაა და იტყვის $5-ად ხო არ ავიღებ... არანაირი ნორმალური მყიდველი არ მიეკარება ამ წილს, სანამ სასამართლო არ დამთავრდება, იმიტომ, რომ ეს იქნება სადავო აქტივი. ეს იქნება არაკეთილსინდისიერი მყიდველი. ვერასდროს ვერ გაყიდი, კახა". – თქვა ირაკლი რუხაძემ. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკეს მაგთის უმსხვილესმა აუქციონერმა, გია ჯოხთაბერიძემ და სილქნეტის მფლობელმა, გიორგი რამიშვილმაც. 

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კომენტარები