რუსეთი

რუსეთში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად ინტერნეტში მიმებს აზიარებენ

memepedia.ru

რუსეთში 1 ივლისს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმია დაგეგმილი. პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი შეკრებები კვლავ აკრძალულია. ამიტომ, ამჯერად მომიტინგეებმა ონლაინ პროტესტს მიმართეს. 

რუსეთის მიმების ვებგვერდზე memepedia.ru გააზიარეს მიმი, სადაც მოხუცი პუტინის ფონზე ვკითხულობთ: "ჩემი ქვეყანა, ჩემი კონსტიტუცია, ჩემი [საპრეზიდენტო ვადის] განულება. 1 ივლისს უბრალოდ თავი დახარეთ და გააგრძელეთ გადასახადების გადახდა".


ფოტო: memepedia.ru

სოციალურ ქსელ Instagram-ში ერთერთი გვერდი, სახელწოდებით Miniprotest მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ გააზიარონ ხილისა და ბოსტნეულის ფოტოები, სადაც პატარა საპროტესტო ბანერებიც იქნება ჩართული. 

სოციალურ ქსელ Twitter-ში ერთერთმა მომხმარებელმა ვიდეოთამაშის კადრი გადააკეთა და ბილბორდზე კონსტიტუციის რეფორმის რეკლამა ჩასვა. გასული კვირების განმავლობაში კრემლი უამრავი რეკლამით ტელევიზიაში, ბილბორდებზე, ცნობილი რუსი ბლოგერების დახმარებით მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელმა მთავრობის ამ კამპანიას დასცინა.

აქტივისტმა კრისტინა ჩერნაიამ სოციალურ ქსელ Instagram-ისთვის სახის ფილტრი შექმნა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგოდ მონიშნულია "წინააღმდეგ". ფილტრი უკვე 4 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.

Tiktok-ის ერთერთმა მომხმარებელმა საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად მსგავსი შინაარსის ვიდეო გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წიგნის მაღაზიებში კონსტიტუციის შესწორებული გამოცემები უკვე იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებზე რეფერენდუმი ჯერ არ გამართულა.

კომენტარები