აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი კიმ ჩენ ინის ავადმყოფობის ცნობებზე: მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - წარმატებებს ვუსურვებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის, თუმცა გამოჯანმრთელებას უსურვებს:

"მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - კარგს ვუსურვებ. წარმატებები."

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. CNN იტყობინებოდა, რომ აშშ მისი მდგომარეობის შესახებ ცნობებს შეისწავლიდა.

თუმცა, სამხრეთ კორეა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო, მძიმეა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ 36 წლის კიმის მდგომარეობა მძიმეა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2018 წელს სინგაპურში შეხვედრისას მათ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით, ჰანოიში გამართულ სამიტზე სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები ჩაიშალა. ტრამპის ხშირად საუბრობს იმაზე, რომ კიმ ჩენ ინთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

კომენტარები