რუსეთი

წინა კვირაში რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები რეკორდული $30 მილიარდით შემცირდა

Ilya Pitalev / RIA Novosti

13-იდან 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები 29,8 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 

შედარებისთვის, 2008 წლის ოქტომბერში ბანკის რეზერვები 30 მილიარდი დოლარით შემცირდა. უფრო ნაკლებად შემცირდა რეზერვები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. 2014 წლის დეკემბერში რუბლის მხარდასაჭერად ბანკმა რეზერვების ფორსირებული გაყიდვა დაიწყო, თუმცა ორი კვირის განმავლობაში შემცირება 26 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა. 

"რეზერვები უარყოფითი საბაზრო და სავალუტო გადაფასების ზემოქმედების გამო შემცირდა", — ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რეზერვების მოცულობაზე უარყოფითად აისახა დოლარის გაძლიერება და ბანკის საკუთრებაში არსებული საფრანგეთის, გერმანიისა და ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების გაუფასურება. 

საერთაშორისო რეზერვების მოცულობის კლების გარდა, 13-დან 20 მარტამდე რუსეთის ცენტრალურ ბანკმა, საბიუჯეტო წესის შესაბამისად რეზერვებიდან 600 მილიონი დოლარი გაყიდა. ოპერაციის მიზანი რუბლის გაცვლითი კურსის რყევის შემცირება იყო. 

ზარალი დედოლარიზაციის გამო

რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების ნახევარზე მეტი საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, იაპონიისა და აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებზე მოდის. თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტებშია ნომინირებული. რეზერვების კიდევ 30% უცხოური ვალუტის ნაღდ მარაგებზე და უცხო ქვეყნების ცენტრალური და კომერციული ბანკების ანგარიშზე განთავსებულ სავალუტო დეპოზიტებზე მოდის.

საანგარიშო კვირაში მსოფლიოს ძირითადად ვალუტებთან მიმართებით ამერიკული დოლარი 1,4%-ით გამყარდა. რადგანაც რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკული დოლარის ექვივალენტში იზომება, ამერიკული ვალუტის გამყარებისას სხვა ვალუტებში გამოსახული აქტივების ღირებულება მცირდება. 

2018 წლის გაზაფხულზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ფარგლებშიც უარი თქვა დოლარის დომინანტურ როლზე საკუთარ რეზერვებში. მაშინ ბანკმა ერთაბაშად 100 მილიარდი დოლარის აქტივები ევროში, ჩინურ იოანში და იაპონურ იენებში გადაიტანა. ბოლო მონაცემებით, ამერიკულ დოლარში რუსეთის საერთაშორისო რეზერვების მხოლოდ 24%-ია განთავსებული. 

ამ ნაბიჯის გამო, რუსეთის საერთაშორისო აქტივების მოცულობა მხოლოდ 2020 წლის თებერვალში 2,5 მილიარდი დოლარით შემცირდა. დოლარის გამყარების გარდა, გასულ კვირაში უფასურდებოდა იმ ქვეყნების ობლიგაციები, რომლებშიც რუსული აქტივების მნიშვნელოვანია ნაწილია განთავსებული. 

გასულ კვირაში საპირისპიროდ გაიზარდა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს აქტივების მოცულობა, რომლებიც რუსეთის ოქროს ზოდების სახით ინახება. 

კომენტარები