ჰომოფობია

ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია

agora.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე კომპანია "ალმას" უარი დისკრიმინაციულად არ მიიჩნია.

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, ორგანიზაცია გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2019 წლის 17 მაისს საჯარო მანიფესტაციის გამართვის ნაცვლად ჰომოფობიის მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე ბანერებით გაპროტესტება გადაწყვიტეს და 11 ანტიჰომოფობიური ბანერი მოამზადეს.

"პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია "ალმასთან" წარმატებით მიმდინარეობდა, შევადგინეთ ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კამპანია ჰომოფობიის საწინააღმდეგო იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავუგზავნეთ ვიზუალური მასალა, უარი განაცხადეს ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმეს", - ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ უარის ერთერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას.

თანასწორობის მოძრაობის აზრით, ეს "ალმას" მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა იყო და კომპანიის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

"ალმას" აქვს, ფაქტობრივად, მონოპოლიური მდგომარეობა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ უარს, რადგან ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა", - აღნიშნავენ თანასწორობის მოძრაობაში.

კომენტარები