საპატრიარქო

მამა ანდრია სინოდზე: მათთვის პატრიარქია ყველაფერი, ჩვენთვის - ქრისტე

"მათთვის პატრიარქია ყველაფერი, ჩვენთვის - ქრისტე" - საპატრიარქოს სინოდის წევრების შესახებ ეს მამა ანდრია სარიამ თქვა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას წარმოადგენს. 

მამა ანდრიას თქმით, მისთვის, მიტროპოლიტი პეტრე ცაავასთვის და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებისთვის, უპირობო ავტორიტეტი მხოლოდ უფალია. 

"როდესაც კითხვა ისმის, საჭიროა ამ კითხვებზე პასუხები. მანამდე შევახსენებთ, სანამ პასუხები არ გვექნება,"- ამბობს მამა ანდრია ტვ პირველის ეთერში. 

სასულიერო პირის თქმით, სინოდის წევრებისგან ის ელის არა მეუფე პეტრეზე საუბარს, არამედ "გარყვნილებაზე, მრუშობასა და ბოროტების ნიაღვარზე". მისი თქმით, ვიღაც კონკრეტული მღვდელმთავრები რას იტყვიან ეს არ არის საინტერესო მანამ, სანამ მათგან არ იქნება შედეგები იმ საკითხებზე, რაც დღის წესრიგში მიტროპოლიტმა პეტრემ დააყენა. 

"მინიმუმ, ეს არის უპატივცემულობა, მაქსიმუმ ეს არის თავხედობა,"- ამბობს მამა ანდრია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეპარქიაში მომსახურე სამღვდელო პირებმა თუ გადაწყვიტეს, მიყვებიან მიტროპოლიტ პეტრეს თუ რჩებიან ჭყონდიდის ახალ ეპისკოპოს გრიგოლთან, მამა ანდრია პასუხობს, რომ მიტროპოლიტი პეტრეს სურვილი ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის, არამედ პირიქით, იმ საკითხების მოგვარება, რაც დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. 

"ამიტომ, აქ დაყოფა, ვინმე მეუფე გრიგოლის თუ ვინმე მეუფე პეტრესი, ვინ აპოლოსი და ვინ პეტრესი, ჩვენ სახარებიდანაც ვიცით ციტატები, ყველა ქრისტესნი ვართ, უბრალოდ, ჩვენ ვებრძვით ბოროტებას, ჩვენ ვებრძვით უკუღმართობას,"- ამბობს მამა ანდრია.

მისი თქმით, სინოდის წევრი 46 მღვდელმთავარი არ არის ეკლესია, ეკლესია მთლიანად მართლმადიდებლობაა. 

კითხვაზე, ხედავს თუ არა იმის რესურსს, რომ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად გააგრძელონ ღვთისმსახურება, მამა ანდრია სარია პასუხობს:

"მე ვხედავ იმის რესურსს, რომ მეუფე გრიგოლი გახდეს მეუფე პეტრეს მსგავსი სიმართლის მთქმელი და ის არ ემსახურებოდეს იმ უკანონობას, რაც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა სინოდის განჩინებით". 

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა.

კომენტარები