საპატრიარქო

მამა ანდრია მეუფე იაკობზე: მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს

მეუფე პეტრე ცაავას ეპარქიის წარმომადგენელი მამა ანდრია სარია ამბობს, რომ მეუფე იაკობი საეკლესიო კანონით უნდა გასამართლდეს. ტვ პირველის ეთერში საუბრის დროს თქვა, რომ სინოდი, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრეც დაესწრება, პირველ რიგში ამაზე ისაუბრებს. 

"ჩვენ გვაქვს მორალური უფლება ქრისტიანებს, მრევლს, სასულიერო პირებს, ხმამაღლა განვიხილოთ და განვსაჯოთ, რომ არ ვეთანხმებით ასეთ განცხადებებს,"- ამბობს მამა ანდრია. 

სასულიერო პირს გადაცემის წამყვანმა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებიდან ნაწყვეტი დაუციტირა, რომ "მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი". მამა ანდრია ამბობს, რომ "მამა მიქაელის გადასაწყვეტი არ არის, ვინ რამდენ საფასურს და რამდენ ხურდას გადაიხდის". მისი შეფასებით, ეს სინოდის გადასაწყვეტია. 

"ის, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსობა დატოვა, ეს სინოდის გარეშეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მის პირად ქორეპისკოპოსს პატრიარქი გაუშვებს თუ დატოვებს, ეს არაფერ შუაში არ არის,"- ამბობს მამა ანდრია. 

მღვდელმსახური ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუფე იაკობს ქორეპისკოპოსის ხარისხი თავისი სურვილით ჩამოერთვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა საპატრიარქოში შესვლამდე რომ ეთქვა მას ეს და არა იქიდან გამოსვლის შემდეგ. 

"ბევრი კითხვა გაჩნდა. იმდენს ამბობენ და იმდენია უნდობლობა, მით უფრო საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან,"- ამბობს მამა ანდრია. 

მისივე თქმით, მასა და მეუფე პეტრე ცაავას ეჭვი ეპარებათ, რომ მეუფე იაკობი ხმაურიანი ინტერვიუს მიცემის დროს ფხიზელი იყო. მამა ანდრიას თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსი ფხიზელ ადამიანს არ ჰგავდა, რაც სასულიერო პირისთვის ორმაგად დიდი სასჯელია. 

"მოკითხვები დედებით, პირდაპირი გინება... ამაზე არავინ არ აკეთებს კომენტარს, თითქოს მშვიდად უნდა ჩაიაროს ამან, ვითომც არაფერი, თქვა და წავიდა,"- თქვა მამა ანდრიამ, რომელმაც მეუფე პეტრეს მსგავსად, ბოდბელ ეპისკოპოსს მონასტერში წასვლისკენ მიუთითა:

"მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, მინიმუმ ბოდიშის კი არა, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს".

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქოს ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

29 ოქტომბერს მამა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამავე განცხადებაში მამა მიქაელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

კომენტარები