უწყებათაშორისი კომისია

შეიარაღებული კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა

epn.ge

მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა. ამის შესახებ შერიგების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი შედის. ციხელაშვილის ინფორმაციითვე, 1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შემდეგ 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი, ორმხრივი: ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ-რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულია 178 პირი და მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა," - ამბობს ციხელაშვილი. 

ციხელაშვილი ამბობს, რომ კომისიის ამოცანაა კოორდინირებულად პროცესის წარმართვა. მინისტრი მოუწოდებს ყველას ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას.

„ეს არის ცალსახად და მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდეგ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე უკავშირდება მათი გარდაცვალების ფაქტის დადგენას და ნეშტების გადაცემას,“ - ამბობს ციხელაშვილი. 

კომენტარები