უწყებათაშორისი კომისია

ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ამის მიზეზები სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა.

”საზოგადოებისთვის ნათელია, რომ კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ხელმძღვანელობს, ვერ შეძლო და არც ისურვა 15 ივნისის არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებები გიგი უგულავას დაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ის უბრალო იარაღია ოლიგარქ ივანიშვილის ხელში, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებს - გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს. ქალბატონ წულუკიანს მართებდა, დალოდებოდა კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვას და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა კომენტარი. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მიიღებს იმ ფარსში მონაწილეობას, რასაც მინისტრ წულუკიანის თავმჯდომარეობით გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ჰქვია და დღეს სხდომაზე პროკურატურის მიერ გაკეთებული ცინიკური განცხადებების გამო, ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ კომისია”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები