უწყებათაშორისი კომისია

ენმ: პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის რეიტინგი 6%-ია. ამასთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას მიმართა. როგორც 24 აპრილს დათარიღებულ წერილში წერია, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა მხოლოდ 6%-ის მხარდაჭერა აქვს და ამის თქმის საფუძველს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აძლევს.

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ მცდარი ინფორმაციის გავრცელების თანადროულად, საზოგადოებას საჯაროდ არ მიაწოდა გამოკითხვის დამკვეთი პირი, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დამფინანსებელი, კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა, კვლევის ჩატარების დრო, გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი, რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა, ეფუძნებოდა თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა, შერჩევის ზომა, ცდომილების ფარგლები. ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები“, - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ იმავეს ითხოვს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

გარდა ამისა, მე-11 პუნქტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება; უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას და ა.შ.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაცია ასევე წინასაარჩევნო აგიტაციაში მოიაზრება, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციაა ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის პოლიტიკური სუბიექტის არჩევას.

"გარდა ამისა, შევნიშნავთ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები ქმნის საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის როგორც 79-ე, ასევე 82-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნორმის შემადგენლობას, რომლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით, „ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან“, რაც მოცემული პერიოდისათვის არ არის გასული. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მოხმობით, „ამ კანონის 79-ე, 81-ე და 86-ე−92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები". წარმოგიდგენთ რა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციას, მის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, კანონით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გთხოვთ, მასზე ადეკვატურ, ეფექტურ და ქმედით რეაგირებას", - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, საკითხის განხილვისას შუალედური და შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგების თაობაზე ენმ-ს აცნობონ.

23 აპრილის მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლასა და "სახელმწიფო გადატრიალებებზე ჭორებს" 6%-იანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

კომენტარები