აშშ

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი საჯაროდ პირველად დაუჭირა

CNN

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ერთერთმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს საჯაროდ პირველად დაუჭირა მხარი

ამის შესახებ ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში გამართულ მიტინგზე ისაუბრა. 

"თავისი სიტყვებითა და მოქმედებებით პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ თავს ბრალი წარუდგინა. ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი წესიერებისთვის, უნდა მოხდეს მისი იმპიჩმენტი,"- თქვა ბაიდენმა. 

პრეზიდენტი ტრამპი ბაიდენის ამ გამოსვლას Twitter-ზე გამოეხმაურა და მას "პათეტიკური" უწოდა. 

"და მე არაფერი დამიშავებია. ჯოს ჩავარდნილმა საარჩევნო კამპანიამ მას სხვა გზა არ დაუტოვა!" - დაწერა ტრამპმა. 

დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის მიმართ საიმპიჩმენტო გამოძიება 25 სექტემბერს დაიწყო. ამას წინ უძღოდა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 ივლისს შემდგარი გახმაურებული სატელეფონო საუბრის დეტალების გასაჯაროება. 

საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავდა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმა" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. იმავე ინფორმაციას ავრცელებდა CNN-ც. 

24 სექტემბერმა ტრამპმა აღიარა, რომ მან მართლაც სთხოვა ზელენსკის ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიების თხოვნით, თუმცა მისი თქმით, თხოვნა იძულებისა ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. მოგვიანებით, დემოკრატიული პარტიის და თავად ჯო ბაიდენის მოთხოვნით, თეთრმა სახლმა საუბრის სტენოგრამაც გაავრცელა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებდა. 

ტრამპმა ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

კომენტარები