რუსეთი

პუტინი G7-ის სახის ჯგუფში ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის ჩართვას ისურვებდა

ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
lowy institute

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო G7/8 ჯგუფის ქვეყნებისთვის ემასპინძლა და მიესალმებოდა მის უფრო ფართო ფორმატს ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის მონაწილეობას.

პუტინმა თქვა, რომ მას არ წარმოედგინა ეფექტური საერთაშორისო ორგანიზაცია ჩინეთის ან ინდოეთის გარეშე.

პუტინმა კითხვაზე, G8 ფორმატის აღდგენის შემთხვევაში აპირებდა თუ არა მონაწილეობის მიღებას, უპასუხა - "ერთ დროს, შემდეგი G8 უნდა ჩატარებულიყო რუსეთში. თუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან მოსვლა სურთ - ჩვენ ღია ვართ, მოხარული ვიქნებით".

"მაგრამ, მე ვფიქრობ, დღეს ყველას ესმის და პრეზიდენტმა მაკრონმა ცოტა ხნის წინ საჯაროდაც თქვა, რომ დასავლეთის ლიდერობა მთავრდება. მე ვერ წარმომიდგენია ეფექტური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ინდოეთისა და ჩინეთის გარეშე მუშაობს," - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ განსაკუთრებით S-400-ის შეძენის შემდეგ ასეთ ფორმატში თურქეთის ჩართვაც აქტიური და მიზანშეწონილი იქნებოდა, რადგან მას რეგიონსა და საერთაშორისო ურთიერთობებში როლი აქვს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ 27 აგვისტოს ფრანგ დიპლომატებთან განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დასაწყისში რუსეთის ნარატივიც გაიმეორა და მსოფლიოში "დასავლური ჰეგემონიის დასასრულზე" გაამახვილა ყურადღება. ამის მაგალითად მან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკაც მოიხმო.

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ თავდაპირველად უკრაინის კრიზისის გადაწყვეტაა აუცილებელი.

ამერიკულმა ტელეკომპანია CNN გაავრცელა ინფრომაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან რუსეთს დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა, ხოლო საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში განმარტეს, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უკრაინაში ვითარების გაუმჯობესებაზე იქნება დამოკიდებული. 

ივნისში სი ძინპინის რუსეთში სტუმრობის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინს მისი საუკეთესო მეგობარი უწოდა. კრემლის მიხედვით, 2018 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 25%-ით გაიზარდა და რეკორდულ 108 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათ ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებებს. მათ შორის შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS ნებას დართავს ჩინურ ფირმა Huawei-ს რუსეთში 5G ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაზე.სი ძინპინმა მოსკოვის ზოოპარკს ორი პანდა აჩუქა. კრემლში მიღების შემდეგ სი ძინპინი სანქტ პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

რუსეთისგან თურქეთმა S-400 სისტემის პირველი ნაწილი უკვე მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ.

კომენტარები