ჰარი პოტერი

ტენესის კათოლიკური სკოლის ბიბლიოთეკიდან ჰარი პოტერის წიგნები შელოცვების გამო ამოიღეს

ჰარი პოტერის წიგნები

ტენესის ქალაქ ნეშვილში არსებული წმინდა ენდრიუს სახელობის კათოლიკური სკოლის ბიბლიოთეკიდან ჰარი პოტერის შვიდივე ტომი ამოიღეს, რადგან სკოლის მღვდელის თქმით, ისინი "ნამდვილ შელოცვებსა და წყევლებს შეიცავს".

მღვდელის იმეილი, რომელიც მან მოსწავლეების მშობლებს გაუგზავნა ტენესის ადგილობრივმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ აშშ-ში და იტალიაში ეგზორცისტებს ესაუბრა და ჰარი პოტერის წიგნების ამოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო.

"ეს წიგნები წარმოადგენენ კეთილ და ბოროტ მაგიას, რომლებიც მართალი არ არის, მაგრამ არის ჭკვიანური ხრიკი. შელოცვები და წყველები, რომლებიც წიგნებში არის გამოყენებული არის ნამდვილი შელოცვები და წყევლები, რომლის კითხვის დროსაც ადამიანი რისკავს ბოროტი სულების შეთავსებას მის არსებობასთან", - ეწერა გაგზავნილ იმეილში.

ნეშვილში კათოლიკური სკოლების ზედამხედველის, რებეკა ჰამელის თქმით მღვდელს აქვს უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.

"ყველა პასტორს აქვს კანონიკური უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები თავის სკოლაში", - თქვა რებეკა ჰამელმა.

მისივე თქმით, სკოლის ბიბლიოთეკაში 2018-2019 წლების აკადემიურ პერიოდში ჰარი პოტერის წიგნები ბიბლიოთეკაში იდო, თუმცა 2019-2020 წლებისთვის ბიბლიოთეკა განახლდა და იქ ჯოან როულინგის წიგნები აღარ არის.

ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის შვიდივე ტომი 1997 წლიდან 2007 წლამდე დაწერა. Fortune-ის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო ჰარი პოტერის 500 000 წიგნზე მეტი არის გაყიდული და ისინი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი წიგნებია.

კომენტარები