ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე: სამართალი ნაწილობრივ აღდგა, ბრძოლა ისევ გრძელდება, ბოლომდე

ტაბულა

წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ყველამ კარგად იცის და პირველად გამიჩნდა იმის განცდა, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა. 

მისი თქმით, სამართალი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. 

"წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ყველამ კარგად იცის და პირველად გამიჩნდა იმის განცდა, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება, ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. და ბოლოს, ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ჩემი და ჩემი ოჯახის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენებაზე და ჩემზე უკეთესად არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა",- თქვა სარალიძემ

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა - პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში ცნო დამნაშავედ. 

საქმის კიდევ ერთი მონაწილე გ.ბ კი, სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასჯელი დაუმძიმა და მასაც 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გ.ბ დამნაშავეა დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომენტარები