ხორავას ქუჩის საქმე

დავით სარალაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

2017 წელს ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ ვალერიან ბუგინაშვილმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშაცედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელი ერთიმეოთხედით შემცირდა და საბოლოო სასჯელად 10 წელი და 6 თვე შეეფარდა. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ადვოკატი, დავით დადიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

2021 წლის 15 აპრილს სამართალდამცველებმა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  ბრალდებული, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. დეკანოზი მაშინ ამბობდა, რომ "მიუღებელია საუბარი, თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ”. ის მიმართავდა ყველას, თავი შეეკავებინათ "ნებსით თუ უნებლიეთ" ცილისწამებისაგან.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. იქამდე კალანდია მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო. მის დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა. სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის კიდევ ორი ადამიანია მსჯავრდებული. 28 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშიას აქედან 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, თუმცა, 2021 წლის იანვარში, 11 თვითა და 4 დღით ადრე, მან ციხე დატოვა და შინაპატიმრობაში გადავიდა. შინაპატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, დანარჩენი 4 წელი ჯანაშიას პირობით სასჯელად ჩაეთვლება. 

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

კომენტარები