ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა – ადვოკატი

რუსთავი2

საქართველოს მთავრობამ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე უარი თქვა და დრო ითხოვა სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე საპასუხოდ - ამის შესახებ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა InterPressNews-ს ესაუბრა. 

"2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?

სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო” - ამბობს თოდუა InterPressNews-თან.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. იქამდე კალანდია მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო. მის დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა. სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ ადამიანს, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის კიდევ ორი ადამიანია მსჯავრდებული. 28 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშიას აქედან 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, თუმცა, 2021 წლის იანვარში, 11 თვითა და 4 დღით ადრე, მან ციხე დატოვა და შინაპატიმრობაში გადავიდა. შინაპატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, დანარჩენი 4 წელი ჯანაშიას პირობით სასჯელად ჩაეთვლება. 

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

კომენტარები