ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გუშინ, 15 აპრილს სამართალდამცველებმა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  ბრალდებული, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. დეკანოზი მაშინ ამბობდა, რომ "მიუღებელია საუბარი, თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ”. ის მიმართავდა ყველას, თავი შეეკავებინათ "ნებსით თუ უნებლიეთ" ცილისწამებისაგან.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. იქამდე კალანდია მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო. მის დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა. სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის კიდევ ორი ადამიანია მსჯავრდებული. 28 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშიას აქედან 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, თუმცა, 2021 წლის იანვარში, 11 თვითა და 4 დღით ადრე, მან ციხე დატოვა და შინაპატიმრობაში გადავიდა. შინაპატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, დანარჩენი 4 წელი ჯანაშიას პირობით სასჯელად ჩაეთვლება. 

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

კომენტარები