Brexit

ლონდონში 10 000-ობით მოქალაქე BREXIT-ზე ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნით მსვლელობას მართავს

GETTY IMAGES

ლონდონის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი მსვლელობას მართავს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. 

დემონსტრანტები მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ აპირებენ მისვლას, სადაც საპროტესტო აქციას დაიწყებენ. 

22 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის 8-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. 

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირას პარლამენტი ტერეზა მეის მიერ შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას მხარს დაუჭერს, ვადა 22 მაისი იქნება. თუ გეგმა კვლავ ჩავარდება, ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება 12 აპრილამდე მოუწევს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმა კვლავ ჩავარდება, მაგრამ ბრიტანეთი 12 აპრილის ნაცვლად ბრექსითის უფრო ხანგრძლივად გადავადებას მოითხოვს, ბრიტანეთს მაისში დანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მოუწევს.

მოსალოდენელია, რომ მომავალ კვირას ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტი მეის გეგმას კენჭს ხელახლა უყრის.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსითის 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა.

ამჟამად გასვლის ვადა 29 მარტია. გასულ კვირას, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავს.

კომენტარები