აშშ

ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ

reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ.

ეს ტრამპის პირველი ვეტოა.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კონგრესის ორივე პალატაში ხმათა 2/3-ია საჭირო, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოხდეს.

აშშ-ის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი გასულ დღეებში დაუჭირა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს 12 რესპუბლიკელიც შეუერთდა. საბოლოოდ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 59-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 41 იყო.

ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდა, როდის დაადებდა ვეტოს "დემოკრატების მიერ შთაგონებულ რეზოლუციას, რომელიც საზღვრებს გახსნის, კრიმინალს, ნარკოტიკებს და ტრეფიკინგს კი გაზრდის ქვეყანაში".

შეგახსენებთ, რომ კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას კენჭი გასულ თვეს უყარა.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 245-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 182 იყო.

დემოკრატების თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ტრამპის ქმედება არაკონსტიტუციურია.

დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ტრამპმა ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლებს სხვადასხვა ფონდებიდან თანხები სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის გამოიყენოს.

 

 

კომენტარები