აშშ

ტრამპმა დრონებით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის გამოქვეყნება გააუქმა

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს შემოღებული პოლიტიკა გააუქმა, რომელიც საომარი ზონის გარეთ დრონებით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულთა რაოდენობას ასაჯაროვებდა.

პოლიტიკა ობამამ 2016 წელს შემოიღო მეტი გამჭვირვალობის თაობაზე ოპონენტების მხრიდან ზეწოლის შედეგად. ტრამპის ადმინისტრაციის თქმით ეს ზედმეტია, გამჭვირვალობას არ ზრდის და "აშშ-ის დაზვერვის პროფესიონალების ყურადღება გადააქვს მთავარი მისიიდან".

დრონებით საჰაერო თავდასხმებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენდო ავღანეთში, პაკისტანში, სომალში და იემენში ტერორისტული და სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად ახორციელებს.

მიუხედავად ამ წესის მოხსნისა, სამხედრო სამსახურებმა დრონებით დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ანგარიში კონგრესს მაინც უნდა წარუდგინონ.

ბრიტანული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს მიხედვით დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-მა დრონებით 2,243 დარტყმა განახორციელა. შედარებისათვის ბარაკ ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე სულ მსგავსი 1,878 დარტყმა განხორციელდა.

კომენტარები