არჩევნები 2017

ელისაშვილი: მე და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ ცვლილება

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქალაქს აუცილებლად სჭირდება ცვლილება.

ის არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა.

"არჩევანი გავაკეთეთ ცვლილების სასარგებლოდ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ქალაქის გადარჩენას, ვინაიდან, რეალურად ქალაქი არის მძიმე დღეში. ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა, არის კორუფციის ჭაობში და აუცილებელია ცვლილება. სუფთა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს ცვლილება და ჩვენ, მე და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ, მხარი დავუჭირეთ ცვლილებას", - განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები