არჩევნები 2017

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმამკულიევის ინფორმაციას არ ადასტურებს

Ipress.ge

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უბნებთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ დგანან.

"ინფორმაცია რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დგანან უბნებთან, გადავამოწმე და ეს ცრუ ინფორმაციაა. არავინ დგას, არავინ არაფერს ეკითხება. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ გარემოში, კანონის სრული დაცვით. ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვინც არის დარეგისტრირებული და ვისაც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვს, იმყოფება შენობაში. თუ რომელიმე ხელს შეულის კომისიას მუშაობაში და არ მისცემს საშუალებას ნორმალურად წარმართოს პროცესი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტლებას", - აცხადებს ასანიძე.

მისი ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, მარნეულის საარჩევნო უბნებზე ხმა მისცა 5400-მა ადამიანმა, რაც ამომრჩველთა საერთო რაოდენობის 4.5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი მუნიციპალიტეტის 8 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს უბნებზე მუშაობას უზღუდავენ. იმამკულიევის ინფორმაციითვე, უბნებთან მობილიზებული არიან გამგეობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ცდილობენ ევროპული საქართველოს მხარდამჭერების დაშინებას და ამომრჩევლებისგან ითხოვენ, რომ მათ აჩვენონ, თუ ვინ შემოხაზეს ბიულეტენზე.

იმამკულიევის გაკეთებულ განცხადებებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი გამოეხმაურა, რომელმაც ოპონენტი ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები