არჩევნები 2017

აბაზოვი იმამკულიევის ბრალდებაზე: მაგათ კომენტარებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი მუნიციპალიტეტის 8 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს უბნებზე მუშაობას უზღუდავენ. 

"ამჟამად მარნეულში ცუდი ვითარებაა. მე შემიძლია გითხრათ კონკრეტულად უბნებზე, სადაც არ უშვებენ კამერებს, რომ ჩვენმა დამკვირვებლებმა კამერებით იმუშაონ და გარეთ ქართული ოცნების აქტივისტები არიან მობილიზებულები, რომლებიც ჩვენს ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. ეს უბნებია მე-18, 42-ე, 56-ე, 86-ე, 73-ე, 26-ე, 29-ე და 51-ე უბნები, სადაც კონკრეტულად არ უშვებენ კამერებსა და ჩვენს დამკვირვებლებს,"- თქვა აჰმედ იმამკულიევმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე. 

იმამკულიევის თქმით, უბნებთან მობილიზებული არიან გამგეობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ცდილობენ ევროპული საქართველოს მხარდამჭერების დაშინებას და ამომრჩევლებისგან ითხოვენ, რომ მათ აჩვენონ, თუ ვინ შემოხაზეს ბიულეტენზე. იმამკულიევი ასევე საუბრობს პროვოკაციაზე ქართული ოცნების მხრიდან, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიყენება. მისივე თქმით, ევროპული საქართველო მზად არის ამისთვის და ცდილობს არ წამოეგოს პროვოკაციას. 

"მარნეული ირჩევს ევროპულ საქართველოს, ეს ვიცით, თვითონაც იციან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნები წააგეს და ჩვენ ბოლომდე დავდგებით ჩვენი ამომრჩევლების გვერდით,"- აცხადებს იმამკულიევი. 

იმამკულიევის გაკეთებულ განცხადებებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი გამოეხმაურა, რომელმაც ოპონენტი ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

"არანაირი დარღვევა არ არის. ამასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე ჩვენს წარმომადგენლებს. როგორც წესი იყო, 8 საათზე გაიხსნა უბნები და ამ წუთებისთვის არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არის სრული ტყუილი და მაგათ კომენტარებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი,"- აცხადებს თემურ აბაზოვი. 


 

კომენტარები