არჩევნები 2017

NDI: დებატების ნაკლებობა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლის

NDI-მ სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. NDI-ის შეფასებით, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო არსებით შეჯიბრებითობას, პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატებს ან ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესების კუთხით ალტერნატიულ ხედვებს მოკლებულია. 

მათივე ცნობით, ეს ხარვეზები ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნების გაკეთებაში პოტენციურად უშლის ხელს. 

"მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95% მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. ქართული ოცნება მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის," - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღი შეჯიბრის ალბათობას შეუძლებელს ხდის.

"ყველა ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას მრავალი პრობლემა არსებობს, როგორიცაა: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ფართომასშტაბიანი დაშინება და საარჩევნო კომისიების საქმიანობაში პარტიული ჩარევა. ამ დროისთვის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ორი ფაქტის შესახებ გავრცელდა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ მოხდება".

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, აღნიშნულ დარღვევებზე მმართველ გუნდს არ უჩივიან, რადგან ისინი საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და კონკრეტული დარღვევების ბრალდებების დასამტკიცებლად საკმარისი რესურსი არ აქვთ, "თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღქმას, რომ დარღვევები ხდება, შეუძლია საარჩევნო პროცესისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობა შეარყიოს".

NDI-ის რეკომენდაციები

● შესაბამისმა უწყებებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ შევიწროებისა და საარჩევნო ძალადობის ყველა შემთხვევა და უზრუნველყონ, რომ დამნაშავეთა დროულმა დასჯამ უახლოეს მომავალში მსგავსი ძალადობის შემთხვევები აღკვეთოს;

● პარტიებმა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაძიებლად ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა საარჩევნო დარღვევების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ზეწოლის ან შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები დაასაბუთონ; ამასთანავე, მათ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ყველა არსებულ პროცედურას უნდა მიმართონ;

● პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში, რათა ამომრჩევლებს თავიანთი პოლიტიკა და გეგმები წარუდგინონ;

● საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ დამსწრეების სხდომებიდან ან შენობიდან გაძევების კანონით გათვალისწინებული ფართო ძალაუფლება ბოროტად არ იქნას გამოყენებული - მათ შორის ამ საკითხის ირგვლივ ტრენინგის ჩატარებისა და გაძლიერებული ზედამხედველობის გზით;

● ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა გააგრძელონ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობა, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და ხმების დათვლის პროცესში, რათა უზრუნველყონ მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა;

● მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ დეზინფორმაციის მონიტორინგი, არა მარტო ტრადიციულ მედია საშუალებში, არამედ ონლაინ პლატფორმებზეც. მათ უნდა განაგრძონ საზოგადოების განათლება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და მოქალაქეებმა შეიმუშაონ შინაარსისა და წყაროების გადამოწმების უნარები და ამით თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის მოხმარება და გავრცელება;

● მედიამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო სიახლეების ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება მათ წინაშე არსებული 27 არჩევანისა და პლატფორმების შესახებ, და გაქარწყლოს ჭორები და მცდარი ინფორმაცია.

კომენტარები