ლატარია

სმარტფონის ფასად ლატარიის კომპანიას ვეღარ იყიდით, მთავრობამ აუქციონი შეაჩერა

JOEL SAGET / AFP

1000 ლარად საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი ვეღარ გახდებით, ფინანსთა სამინისტრომ ელექტრონული აუქციონი შეაჩერა.

ლატარიის კომპანიას საქართველოში ლოტოს გათამაშების მოწყობის ექსკლუზიური ლიცენზია აქვს, ელექტრონულ აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი შეუსაბამოდ დაბალი იყო და ის 1000 ლარს შეადგენდა. ასეთი დაბალი ფასის მიზეზი ის დავალიანებაა, რაც ამ კომპანიის შემძენმა ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს, ლატარიის კომპანიის დავალიანება 216 მილიონ ლარს აჭარბებს.

ლატარიის კომპანია სანამ მისი 70-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდებოდა მომგებიანი კომპანია იყო, სახელმწიფოს ხელში კი ის სხვა სახელმწიფო შპს-ების მსგავსად წამგებიანი გახდა. ლატარიის კომპანიის მოგება-ზარალის დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელთა კავშირმა (TPU) გამოითხოვა. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია ითხოვს ფინანსთა სამინისტროსგან პასუხს თუ როგორ დაუგრივდა კომპანიას ასეთი დიდი დავალიანება. TPU მთავრობისგან ლატარიის კომპანიის აუქციონის შეჩერებასაც და ბაზრის სრულ დემონოპლიზაციასაც ითხოვდა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. კერძოდ, კატასტროფულად არის შემცირებული გათამაშებებისგან მიღებული შემოსავლები.2010 წელს აღნიშნულმა შემოსავალმა 52.000.000 ლარს გადააჭარბა, როცა 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით მან 16.000.000 ლარზე ნაკლები შეადგინა. კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მისი 70 %-იანი წილი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ყოველი წელი წაგებით დაასრულა და დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები. მხოლოდ 2014 წელს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები 58.000.000 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216.318.937 ლარი შეადგინა (აქედან საურავი 62.634.927 ლარი)", - წერია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში. 

გადასახადის გადამხდელთა კავშირში მიაჩნიათ, რომ 216-მილიონიანი ვალი არის კომპანიის არასწორი და უპასუხისმგებლო მართვის შედეგი, რის გამოც ახლა კომპანია წამგებიან ფასად იყიდება. TPU მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე ელის პასუხის მიღებას:

  1. რატომ არ გააუქმა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე”, როცა წლებია, ეს კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს?
  2. მას შემდეგ, რაც საქართველოს ლატარიის კომპანია წლებია წაგებით ასრულებს ყოველ ფინანსურ წელს, რატომ არ დააყენა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის მენეჯმენტის მინიმუმ შეცვლის საკითხი?
  3. რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაში სახელმწიფოს წილის პრივატიზება (რომლიდანაც არცთუ დიდი თანხა შევა ბიუჯეტში) ლატარიის ბაზრის სრული დემონოპოლიზაციის ნაცვლად?

საქართველოს ლატარიის კომპანია 2009 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, ბაზრის სრული მონოპოლისტია. ხელშეკრულების ტექსტი საიდუმლოა და TPU ფინანსთა სამინისტროსგან მის გასაჯაროებას მოითხოვს.

კომენტარები