საჰაერო თავდაცვა

ჯანელიძე: ალასანიას ოქმზე ხელმოწერის მხოლოდ რამდენიმე დღით გადადება ვთხოვეთ

ტაბულა

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მან ირაკლი ალასანიას ნამდვილად დაურეკა პარიზში, თუმცა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმზე ხელმოწერის პროცედურის მხოლოდ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა.

"ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვიმეორებ, მე მას შევახსენე იმ აუცილებელი პროცედურების დაცვის შესახებ, რომელიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რამდენიმე დღით, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ეს ხელმოწერის პროცედურა. და არა ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეთქვა საერთოდ ხელმოწერაზე. რაც შეხება ზოგადად პროცესს, რაც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს სამინისტროში წარმატებით, მათ შორის, იმ მიმართულებითაც, რაზეც ბატონი ალასანია საუბრობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე, საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას" - თქვა ჯანელიძემ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, 2014 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ პრემიერმინისტრის სახელით ორჯერ დაურეკა და უთხრა, საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმის ხელმოწერისგან თავი შეეკავებინა. როგორც პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ე.წ. კაბელების საქმეზე მომზადებულ ფილმში ამბობს, აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო და მასზე უსაფრთხოების კაბინეტი წელიწად-ნახევარის განმავლობაში მუშაობდა.

„ვიკითხე, თუ რა იყო ახალი გარემოება, რამ მიაღებინა პრემიერს ეს გადაწყვეტილება (პრემიერის სახელით მელაპარაკებოდა). ვერ ამიხსნა. მე მას ვთხოვე, რომ მიბრუნებულიყო პრემიერთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და დაკავებული იყო, როგორც ამიხსნეს. მე ვთხოვე, რომ მისულიყო მასთან და აეხსნა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. მიბრუნდა, 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა: "არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი". მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ეს არის, რომ ხელი მოეწერება მემორანდუმს. მეორე დილით, 10-ის ნახევარზე იყო დაგეგმილი ხელმოწერა სპეციალურ თავდაცვით ინდუსტრიებთან. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ხელმოწერაა, რადგან შეთანხმებულია ყველა დონეზე და, რაც მთავარია, საქართველოს ჯარს და მოსახლეობას ეს სჭირდება", - აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ "პრემიერთან გავლილი იყო განზრახულობათა ოქმის ტექსტი და ეს იცოდა პრემიერმაც და მინდია ჯანელიძემაც".

"ეს თემა წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო განხილული სხვადასხვა დოზით უსაფრთხოების კაბინეტშიც, მათ შორის პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, სადაც პრინციპული შეთანხმება შედგა. ეს იყო, თუ არ ვცდები, 2013 წლის დასაწყისში. შემდეგ კი, უკვე დეტალურად განვიხილეთ არაერთხელ უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან და შეთანხმება შედგა, რომ ეს ის პროექტი იყო, რომელიც საქართველოს აწყობდა", - ამბობს ყოფილი მინისტრი.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, რომელსაც აქამდე პრაქტიკულად ფარული ემბარგო ჰქონდა გამოცხადებული საქართველოს მიმართ იარაღის მოწოდებაზე. ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობით ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივაღებინეთ საფრანგეთს".

ფილმში ნათქვამია, რომ "ირაკლი ალასანიამ განზრახულობათა ოქმს საჰაერო თავდაცვის ულტრათანამედროვე სისტემის შესყიდვაზე 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი, რა დროსაც უკვე იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს". ფილმში გამოყენებულია ხელმოწერის ფოტოებიც. 

ფილმი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით სრულდება - "ცუდად მიცნობენ, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება, პირიქით, მე კიდევ უფრო მიზანმიმართული ვხდები ჩემი ამოცანების მიღწევაში", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

კომენტარები