საჰაერო თავდაცვა

ხიდაშელი: საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს ხელს მოვაწერ

საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერ  - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემაში პოლიტარტი განაცხადა.

ხიდაშელის განცხადებით ამ კონტრაქტზე ხელის მოწერა შორეული პერსპექტივა არ არის.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც ვისაუბრე მინდია ჯანელიძესთან, როდესაც პირველად შევხვდი და მის ყოფილ მოადგილეებთან, იყო, რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%-იანი დადასტურებით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელ მოვაწერ და ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება.“ - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ მემორანდუმს ხელი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოაწერა, რაც მისი თქმით პრემიერმინისტრის სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა.

“მე ჩავედი საფრანგეთში 27 ოქტომბერს, მეორე დღეს, დილით იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა. დამირეკეს და გადმომცეს პრემიერმინისტრის სახელით, არ მომეწერა ხელი მემორანდუმზე, არადა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს შემდეგ, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ, მე წინასწარ, როგორც ვიყავი შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ხელი ამ მომორანდუმს და ექვსი თვე ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. ეს არ მოხდა სამწუხაროდ.“ - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები